გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, მომავალ წელს „ქართულ ოცნებას“ მეტი საზრიანობა ექნება, რათა პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანოს ქვეყანა
თუ შეთანხმება მოხდება, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია, განვიხილოთ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც სჭირდება ქვეყანაში ნორმალური არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები ყველასთვის ცნობილია.
„სტატუს კვოს ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკებით და შეთანხმებით. შეთანხმებისთვის რასაც ითხოვს ოპოზიცია, ყველასთვის ნათელია. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი საზრიანობა ექნება, რათა ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანოს ქვეყანა. მათი გადასაწყვეტია, მათ უნდათ, რომ ეს პოლიტიკური ჩიხი შეინარჩუნონ თუ ქვეყანა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს და დავიწყოთ რეალურად დისკუსია, თუ როგორ უნდა ჩატარდეს შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. მე ზუსტად ვიცი ჩემი პოზიცია. რა აძლევს მას ამის საფუძველს, არ ვიცი. ეს შეიძლება, ნიშნავს იმას, რომ ისინი ფიქრობენ იმ გამოსავალზე, რომელიც შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. ვფიქრობ, ყველასთვის ნაცნობია ის მოთხოვნები, რასაც ჩვენ ვაყენებთ. ამ მოთხოვნებში არის როგორც პოლიტიკური პატიმრების საკითხი, ასევე საპარლამენტო არჩევნების საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიმართოს საქართველოში 2024 წელზე ადრე. თუ შეთანხმება მოხდება, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია, განვიხილოთ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც სჭირდება ქვეყანაში ნორმალური არჩევნების ჩატარებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები პოზიციისა და მოთხოვნების შეცვლას არ აპირებენ და „ქართული ოცნებისგან“ ადეკვატურ პოზიციას ელოდებიან.
„პატიმრები უნდა განთავისუფლდნენ, ეს ერთი. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, შევთანხმდეთ საპარლამენტო არჩევნების თარიღზე, რომელიც უნდა ჩატარდეს 2024 წლამდე აუცილებლად. ჩვენ ვაპირებთ, ჩვენი მტკიცე პოზიცია შევინარჩუნოთ და ველოდებით, რომ ადეკვატური პოზიცია ექნება „ქართულ ოცნებას“. სავარაუდოდ ამის შემდეგ გაიმართება მეხუთე რაუნდი. გვაქვს კონტაქტი დიპლომატიურ კორპუსთან და ვფიქრობ, უკვე ახალი წლების შემდეგ იქნება მეხუთე რაუნდზე საუბარი“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში პარლამენტი ზუსტად ისეთ ფორმაში იქნება, როგორც საზოგადოებამ აირჩია, სტატუს-კვო მალე შეიცვლება.