გიორგი ვაშაძე - ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად სხვა გარემოებებია და ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ამაზე განსაკუთრებული აქცენტი იყოს
აბსოლუტურად სხვა გარემოებებია ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და დღეს არსებული ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ამაზე განსაკუთრებული აქცენტი იყოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „დროას“ ლიდერთან, ელენე ხოშტარიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი ვაშაძე ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ვაშაძის თქმით, ფუნდამენტურად იცვლება საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობა 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა კონკრეტული აქტივობები.
„გვინდა, საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, რომელიც ჰააგის სასამართლოს პროკურორმა მიიღო რუსეთთან მიმართებაში და 2008 წლის ომთან მიმართებაში. აბსოლუტურად სხვა გარემოებებია ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და გვინდა, მართლა მწუხარებით ვთქვათ, რომ დღეს არსებული ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ამაზე განსაკუთრებული აქცენტი იყოს. პრემიერ-მინისტრი საერთოდ განცხადებასაც კი არ აკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით, კობახიძე, პრორუსული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი არაფერს ამბობს, რატომ? იმიტომ, რომ ათი წლის მანძილზე ეს ხალხი გვიმტკიცებდა, რომ ომი დაიწყო საქართველომ. ათი წლის მანძილზე ეს ხალხი ჩვენ გვადანაშაულებდა 2008 წლის ომის დაწყებაში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა თქვა პროკურორმა.
პირველი, საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის და არანაირი მტკიცებულება არ არის საქართველოს დანაშაულებრივ ქმედებაზე, ბრალიც კი არ იქნა წარდგენილი ქართულ მხარესთან მიმართებაში. მეორე, ის ფრაზები, მძინარე ცხინვალს დაესხა თავს საქართველო, სამშვიდობოები დაბომბა – ეს ყველაფერი გაქარწყლდა და ცალსახად დღეს დადგენილია მხოლოდ რუსეთის ბრალეულობა.
ჩვენ გვაინტერესებს, აღძრეს თუ არა იმავე ტიპის სისხლის სამართლის საქმე ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ სამ ადამიანთან მიმართებაში, რომლებიც ჰააგის პროკურორის მიერ არიან დასახელებული, როგორც ბრალდებულები საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ საომარ მოქმედებებში. მეორე, არის თუ არა რაიმე კონკრეტული სამოქმედო გეგმა საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან მთლიანად იცვლება სამართლებრივი საფუძვლები, საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, მოითხოვოს რეპარაცია, ანუ ზიანის ანაზღაურება იმ დევნილებისთვის, რომლებმაც უშუალოდ ზიანი მიიღეს 2008 წლის ომის დროს.
მე ხელში მიჭირავს გაერო-ს რეზოლუცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დაკავშირებით რეპარაციას, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ არის მიღებული და აქ არაფერი არაა ნათქვამი საქართველოზე. მაინტერესებს, რიტორიკულად მაინც ვკითხოთ ამ ანტიქართველებს, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში, აპირებენ თუ არა მსგავსი რეზოლუციის ინიცირებას საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, ფუნდამენტურად იცვლება საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობა 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა კონკრეტული აქტივობები. მინდა, მივმართო არასამთავრობო და იურიდიულ ორგანიზაციებს, მოდით, გავაერთიანოთ ძალისხმევა და იქ, სადაც „ქართული ოცნება“ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ იცავს, ჩვენ მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები, რათა, ერთი მხრივ, იყოს განხორციელბული რეპარაცია, ანუ ზიანის ანაზღაურება რუსეთთან მიმართებაში და, მეორე მხრივ, საქართველოს საკითხი დარჩეს საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.