გიორგი ვაშაძე - გვაქვს ფორმულა, როგორ დავახევინოთ უკან თითქოსდა დაუმარცხებელ რეჟიმს, როგორც კი დავინახავთ, რომ რეჟიმი გადაუხვევს რუსული მიმართულებით, დაგვჭირდება შეკრება
„დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებს აანონსებენ.
როგორც ვაშაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რეკომენდაციების შესასრულებლად მკაფიო ნაბიჯები უნდა ჩამოყალიბდნეს.
„ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული მოთხოვნებია, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვეუბნები კობახიძე-ღარიბაშვილის რეჟიმს, რომ თქვენი თაღლითური კანონები აღარ გავა. უნდა იყოს სწორედ ისეთი ინიციატივები, რომლებიც ამ მოთხოვნებს შეასრულებს. ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები როგორც პოლიტიკურ სპექტრთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებასთან, გავაფართოებთ ამ ყველაფერს და უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული, მკაფიო ნაბიჯები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას არა სექტემბერში, ოქტომბერში, არამედ უახლოეს მომავალში. შემდგომ სასესიო კვირებში პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ ამ მიმართულებით ვაპირებთ კოორდინაციას დასავლეთში ჩვენს პარტნიორებთან და მათთან მუშაობას, პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებასთან მუშაობას. საზოგადოებას მივმართავ, ჩვენ გვაქვს ფორმულა, როგორ დავახევინოთ უკან თითქოსდა დაუმარცხებელ რეჟიმს. არცერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა იმ მუქარების განხორციელების, რაც გუშინ იყო ღარიბაშვილის მხრიდან. ჩვენ დღეს ნამდვილად არ გვაქვს დაგეგმილი საპროტესტო აქციები, მაგრამ როგორც კი დავინახავთ, რომ რეჟიმი ისევ გადაუხვევს რუსული მიმართულებით, დაგვჭირდება ჩვენ შეკრებაც, გაპროტესტებაც, იმ დიდი ერთიანობის ჩვენება, რომელიც ვაჩვენეთ.
გიორგი ვაშაძის განაცხადებით, ერთიანობამ მოიტანა შედეგი, მაგრამ არ უნდა მოდუნდნენ.
„რუსული კანონი გაიტანეს, მაგრამ რეჟიმი კვლავ არის ამ ქვეყანაში, რომელიც რუსეთთან სინერგიაში საუბრობს კონკრეტული მესიჯებით. გუშინ ვიხილეთ, ღარიბაშვილი როგორ თავხედურად იხსენიებს ახალგაზრდებს, იმუქრება. მისი მუქარის არავის ეშინია. პირადად ღარიბაშვილს ვეუბნები, არცერთ ახალგაზრდას, არცერთ მშვიდობიან მანიფესტანტს არ დაადოთ ხელი, ყველას დავუდგებით გვერდში, არავის მივცემთ უფლებას, პასუხისგებაში მისცეთ. პირიქით, პასუხისგებაში უნდა მიეცეთ თქვენ, ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მანიფესტანტები დაარბიეს და კონკრეტული პასუხისმგებელი პირებია გამოსაყოფი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.