გიორგი ვაშაძე - გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ იოტისოდენა შანსიც აღარ აქვს დარჩენილი, 26 ოქტომბერს ყველანი ერთად ვიმარჯვებთ
გიორგი ვაშაძე - გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ იოტისოდენა შანსიც აღარ აქვს დარჩენილი, 26 ოქტომბერს ყველანი ერთად ვიმარჯვებთ

გუშინდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილს იშორებს, საქართველო იმარჯვებს და ჩვენ ძალიან სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ცივილიზებულ ქვეყანათა შორის.

„გუშინდელმა დღემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი რაოდენობა ადამიანების, საოცარი ენერგეტიკა. მინდა, ყველა ადამიანს დიდი მადლობა ვუთხრა, ვინც აქციაზე მოვიდა. გუშინდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილს იშორებს, რომ საქართველო იმარჯვებს და ჩვენ ძალიან სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ.

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ კარგად დაანახა მთელ საქართველოს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს, სად დგას ქართველი ხალხი, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ცივილიზებულ ქვეყანათა შორის. საქართველოში ღირსება და დამოუკიდებლობა ვერასდროს ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

განსაკუთრებით მინდა, მადლობა ვუთხრა ახალგაზრდებს, რადგან განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა იყო გუშინდელ აქციაზე. მადლობა ვუთხრა უფროსი თაობის ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ.

26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი ერთად ვიმარჯვებთ. გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ იოტისოდენა შანსიც აღარ აქვს დარჩენილი ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. ეს ხალხმრავლობა და ზეიმი, რომელიც იყო ქართული ენერგიის, ქართული თვითშეგნების ზეიმი, აუცილებლად უნდა გადავთარგმნოთ დიდ გამარჯვებაში 26 ოქტომბერს. ის ტალღა, რომელიც არის ქართული იდენტობის, ქართული ეროვნული სულისკვეთების, წალეკავს ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. ისინი ამ არჩევნებზე 20%-ზე მეტს ვერ აიღებენ, ამ ყველაფერში გუშინდელმა დღემ კიდევ უფრო დამარწმუნა. ვიმარჯვებთ, ევროპისკენ სწრაფად მივდივართ, ივანიშვილს და მის რეჟიმს უარს ვეუბნებით. ბოლო დღეებია და კიდევ უფრო უნდა გავმხნევდეთ, კიდევ უფრო უნდა ჩავკიდოთ ხელი და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ რაც შეიძლება მეტი მივიდეთ არჩევნებზე და ის დიდი გამარჯვება, რომელიც გუშინ იყო, საბოლოოდ გავაფორმოთ 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ვაშაძემ.