გიორგი ვაშაძე - გომელაურს და გახარიას ვუგზავნი დისკს, სადაც პოლიციელთა დანაშაულის კონკრეტული ნიშნებია
გომელაურს და გახარიას ვუგზავნი დისკს, სადაც პოლიციელთა დანაშაულის კონკრეტული ნიშნებია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ვაშაძემ ბრიფინგზე სამართალდამცავების მხრიდან მისი მხარდამჭერების მიმართ, შესაძლო ზეწოლაზე ისაუბრა.
„ქვეყანაში არის უმძიმესი კრიმინოგენული ვითარება, ყოველდღე, უმძიმესი დანაშაული ხდება და ამას პოლიცია არ იძიებს, ხოლო მკვლელები თავისუფლად დადიან. სამი დღის განმავლობაში, ჩვენს ახალგაზრდა მოხალისეებს ათობით საპატრულო ეკიპაჟი დასდევს. სრულიად უკანონოდ აჩერებენ, ეუბნებიან, რომ ისინი არიან ძებნილები და აქვთ საბანკო ვალები. ხელში მიჭირავს დისკი, რომელსაც ვუგზავნი ბატონ გომელაურს და ბატონ გახარიას. ამ დისკზე არის დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობა, სადაც პირდაპირ გადაღებულია, როგორ „აკაჩავებს“ პოლიცია ჩვენს აქტივისტს, რომელიც აკრავს პლაკატებს, როგორ ემუქრება მანქანაში შეთრევით, თუ საბანკო დავალიანებას არ გადაიხდის, როგორ აწვდის გაურკვეველი პიროვნების ტელეფონს, ასეთი რამ არ არსებობს არსად არც ერთ საპოლიციო სტანდარტში. ვეუბნები გახარიას და გომელაურს, მხდალებო და მშიშრებო, თქვენი არავის ეშინია. არც ერთ ადამიანს არ დაგაშინებინებთ. პოლიციამ უნდა აკეთოს პოლიციის საქმე, უნდა ებრძოლოს კრიმინალს. არ შეიძლება ათობით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ცდებოდეს პოლიტიკური დავალებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.