გიორგი ვაშაძე - გილოცავთ გამარჯვებას, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება დიდი ძალისხმევის შედეგია
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული დიდი ძალისხმევის შედეგია.
„გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას. ეს არის დიდი ძალისხმევის შედეგი. გახსოვთ თქვენ გასული წლის ნოემბერი, როცა „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ აღარაფერი აღარ შეიცვლებოდა კონსტიტუციაში. მათ ჩვენი ერთიანობით, და სწორედ ამ ერთიანობაშია ძალა, ხალხის, ოპოზიციის, საერთაშორისო საზოგადოების წნეხით დღეს მესამე მოსმენით მიიღეს კანონი“, – განაცხადა ვაშაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ 8 მარტის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა, თუმცა გასათავისუფლებელია გიორგი რურუა.
„ეს არის 8 მარტის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულება, მაგრამ ამასთან ერთად, სრულად რომ შესრულდეს შეთანხმება, მათ უნდა აიღონ ხელი პოლიტიკურ დევნაზე, რურუა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს არის განუხრელი მოთხოვნა, რაც ოპოზიციას აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთად როცა ვართ, გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ. 31 ოქტომბერს ყველანი ერთად დიდ გამარჯვებას მივაღწევთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.
კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.