გიორგი ვაშაძე - გაყალბებები, მასობრივი მოსყიდვები „ქართულ ოცნებას“ აღარ გაუვა, ამისთვის არიან მომზადებულნი ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება
გიორგი ვაშაძე - გაყალბებები, მასობრივი მოსყიდვები „ქართულ ოცნებას“ აღარ გაუვა, ამისთვის არიან მომზადებულნი ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, გიორგი რურუა გათავისუფლდეს და საარჩევნო სისტემა შეიცვალოს.

„ამას მოვაწერეთ ხელი ჩვენ – ოპოზიციამ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა. ამ დოკუმენტზე არის მთავარი დასტური, თანამონაწილეობა და ხელმოწერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, გერმანიის ელჩის, ამერიკის ელჩის, ევროკავშირის ელჩი, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის. აქედან გამომდინარე ვერავინ ვერ გადაუხვევს ამ პრინციპს“,- განაცხადა ვაშაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო ასპარეზზე თავი შეირცხვინა.

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ შეირცხვინა თავი მარტო ქვეყნის შიგნით კი არა, მოგვჭრა თავი საერთაშორისო ასპარეზზე, როცა რუსული სტანდარტით მოქმედებს, დოკუმენტს აწერს ხელს და შემდეგ უნდა, რომ პირობა შეცვალოს. არ არის ეს ის პროცესი, სადაც მათ გაუვათ თაღლითობა, რასაც ეწევიან.

ერთი წლის წინ ბევრი ადამიანი მეკითხებოდა, რომ დასავლეთი არის პასიური საქართველოსთან მიმართებაში. მე ვთქვი, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჰიპერაქტიური იქნება დასავლეთი, რატომ? მას სჭირდება ძლიერი, დემოკრატიული საქართველო, როგორც პარტნიორი.

ამიტომ ის გაყალბებები, მასობრივი მოსყიდვები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იყო, აღარ გაუვა „ქართულ ოცნებას“, ამისთვის დამკვირვებლებიც და შესაბამისი მექანაზმებიც იქნება, ამისთვის არის მომზადებული ჩვენი ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გენერალური პროკურატურა მზად არის, აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა, რათა ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ.