„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ცხინვალში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებზე საუბრობს, კონტექსტიდან ამოგლეჯილია.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომასალა დამონტაჟებულია და აბსურდულია.
გიორგი ვაშაძე მედიასაშუალებებს მოუწოდებს, გაავრცელონ მთლიანი ვიდეოჩანაწერი.
„ცალსახად მინდა ვთქვა, რომ მთელი განცხადება მიხეილ სააკაშვილის არის იმაზე, თუ როგორ ცდილობდა ქართული მხარე თავიდან აერიდებინა საომარი მოქმედებები, როგორ მუშაობდა დიპლომატიური არხები, როგორ მუშაობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორ ცდილობდა, თავიდან აერიდებინა საქართველოს პირდაპირი საომარი მოქმედებები. ახლა რაღაცნაირად ამ ვიდეოდან სამი სიტყვაა ამოგლეჯილი, შუაში გაჭრილი და ამით რაღაცის დამტკიცებას ცდილობს „ქართული ოცნება“. მეგობრებო, ხალხი ბნელი არ არის და ყველა კარგად მოისმენს, ვინ რას ამბობს”, – განაცხადა ვაშაძემ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა არქივის ვიდეო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების განხორციელების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.