გიორგი ვაშაძე - გაუთავებელი პინგ-პონგი და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა თუ არ დავამთავრეთ, ამ ქვეყანას არ ეშველება
ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ისევ „ნაცმოძრაობაზე“ საუბრობენ, „ნაცმოძრაობა“ – „ქართულ ოცნებაზე“. ეს გაუთავებელი პინგ-პონგი თუ არ დავამთავრეთ ქვეყანაში და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, ამ ქვეყანას არ ეშველება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველანი არიან ერთი სახე და ქვეყნის განვითარებას აფერხებენ.
„საქართველოში არის შიმშილი და ეკონომიკური კატასტროფა. ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას აბრალებს, გახარია – ივანიშვილს, კობახიძე – ვიღაცას. ეს პირველად არ ხდება. გახსოვთ, გიორგი კვირიკაშვილი რომ გადააყენეს, ბავშვების შიმშილი მისი ბრალიაო. იმის შემდეგ, ბავშვები მაძღრები არიან და შიმშილი აღარ არის? ყველა ეს საკითხი იმისთვის არის შემოგდებული, რომ ჩვენ არ ვიმსჯელოთ რეალურ პრობლემებზე. ვინ არის დამნაშავე, რომ საქართველოში ასეთი ეკონომიკური კატასტროფაა, პენსიონერს პენსია არ ეზრდება, საქართველოში ინვესტიციები არ შემოდის – მთლიანად ეს გუნდი ერთი სახეა და თითოეული მათგანი დამნაშავეა იმ კატასტროფაში, რაც დღეს ქვეყანაშია. ეს არის ბელეტრისტიკა, მეტი არაფერი. ამ წერილში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ისევ „ნაცმოძრაობაზე“ საუბრობენ, „ნაცმოძრაობა“ – „ქართულ ოცნებაზე“. ეს გაუთავებელი პინგ-პონგი თუ არ დავამთავრეთ ქვეყანაში და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, ამ ქვეყანას არ ეშველება. ყველანი არიან ერთი სახე, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებენ. გახარიაც, ივანიშვილიც, კობახიძეც, თალაკვაძეც პასუხისმგებლები არიან ამ ქვეყანაში გაჭირვებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, კრიმინალის ზრდაზე. „მეჟდუსაბოიჩიკში“ ვინ ვის უღალატა, ნაკლებად მაინტერესებს. სამწუხაროდ, ეს რუსული ტერმინი უნდა გამოვიყენო, რადგან ეს ხალხი არის იმ მენტალობის მატარებელი, რომელიც რუსეთშია. ამას კარგად გაიგებენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.