გიორგი ვაშაძე - გარანტიას ვაძლევ, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს
გარანტიას ვაძლევ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად მმართველ გუნდს ოპოზიციასთან მოლაპარაკებები არ სურს.
„გუშინ გავიგეთ, რომ ნიკა მელიას საქმე აპელაციაში წაიღეს. ყველას გვიჭერენ. გვიჭერენ და თან მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ?! აბსურდია. მათ არანაირი მოლაპარაკება არ უნდათ. მათ უნდათ, რომ ნებისმიერი ძალით შეინარჩუნონ ხელისუფლება, მაგრამ ეს არ გამოუვათ. ამის გარანტიას ვაძლევ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა. 25%-ით გადავა, 20-ით თუ 30-ით, ეს უკვე არჩევნებამდე მათ ქმედებებზეა დამოკიდებული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.