გიორგი ვაშაძე - განხილვებში პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ არ არის ის ნიშნული, რაზეც შეიძლება, შეთანხმება შედგეს, გარკვეული მოსაზრებებია, როგორ შეიძლება, მივიდეთ ვადამდელ არჩევნებადე
გიორგი ვაშაძე - განხილვებში პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ არ არის ის ნიშნული, რაზეც შეიძლება, შეთანხმება შედგეს, გარკვეული მოსაზრებებია, როგორ შეიძლება, მივიდეთ ვადამდელ არჩევნებადე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესში პროგრესი არის, თუმცა ჯერ არ არის მიღწეული ის ნიშნული, რაზეც შეიძლება, შეთანხმება შედგეს.

გიორგი ვაშაძემ განხილვის შინაარსზე დეტალურად საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ  ექვსპუნქტიანი დოკუმენტის ირგვლივ მსჯელობენ.

„მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ პროგრესი ნამდვილად გვაქვს, ნამდვილად არის პროგრესი განხილვებში, მაგრამ ჯერ არ არის ეს ის ნიშნული, რაზეც შეიძლება, შეთანხმება შედგეს, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. შინაარსობრივ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, გარკვეული პროგრესი გვაქვს, რაც მე განმაწყობს პოზიტიურად, რომ დღეს დღის ბოლომდე, სადამდეც კიდევ ერთი, ან ორი შეხვედრა გვექნება, რაღაცა გარკვეული საკითხები დაზუსტდება და კიდევ შეიძლება დაახლოვდეს მხარეების პოზიცია. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, რომელთა ეგიდითაც მიდის ეს 48-საათიანი ბლიც მოლაპარაკებები ხუთი თვის შემდეგ, ყველას უნდა გვქონდეს რაციონალური პოზიცია, თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ პოლიტიკურ პარტიას. მაგრამ, იმედი მაქვს, იმ საკითხებზე, რომელიც დარჩა, დღის ბოლომდე ვიხილავთ რაღაც ახალ პოზიციებს „ქართული ოცნების“ მხრიდან. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა, დოკუმენტი, რაზეც ვმუშაობდით, არის არა მხარეების დოკუმენტი, არამედ უკვე ევროკავშირის და აშშ-ის მიერ დადებული საბაზისო დოკუმენტი, რის გარშემოც მიდის მუშაობა. აქ ფუნდამენტური განსხვავებაა თვითონ მოლაპარაკების შინაარსში, რაც ვფიქრობ, ერთ-ერთი გარდამტეხი იქნება მოლაპარაკების პროცესში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, „განიხილება ექვსივე პუნქტი, როგორც პატიმრების და პოლიტპატიმრების საკითხი, ისე საარჩევნო რეფორმის ფუნდამენტური საკითხი და რიგგარეშე არჩევნების თემატიკა, როგორ შეიძლება მივიდნენ რიგგაგრეშე არჩევნებამდე“.

„კონკრეტულ შინაარსზე ვერ ვისაუბრებ, ჩვენ სამი ალტერნატივაც კი ვთქვით, სხვადასხვა ვარიაცების, თარიღების და წინაპირობების რიგგარეშე არჩევნების, მაგრამ ველოდებით კიდევ ამ საკითხებზე პასუხს.

არის გარკვეული მოსაზრებები, როგორ შეიძლება მივიდეთ ვადამდელ არჩევნებადე, თუმცა კონკრეტიკას ვერ გეტყვით… რავიცი, ახლა 2022 წლის შემდეგ როდისღა უნდა იყოს არჩევნები? გეტყვით ჩვენს პოზიციას, თუ ვსაუბრობთ პლებისციტზე, ოქტომბერში რომ პლებისციტი იქნება, თქვენი აზრით, რიგგარეშე როდის შეიძლება ჩაინიშნოს? მომავალ წელს, რომელიც არის 2022 წელი“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.