გიორგი ვაშაძე - გამგებელი, ძველი ბიჭი, საკრებულოს თავმჯდომარე გვერდიგვერდ იდგნენ საარჩევნო უბანზე
ჩვენ გვექნება სამართლებრივი დავა ამ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ეს არის ყველა კანონის, ნორმის, წესის დარღვევით ჩატარებული პროცედურები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, სიმპტომურია, რომ შეიარაღებულ ძალებში, იმ ერთადერთ უბანზე, შეიარაღებული ძალების პოზიცია ცალკე განისაზღვრება ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან დაკავშირებით, გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ.
„რაც საქართველოში ჩატარდა ამას არ ჰქვია არჩევნები. ტოტალური მოსყიდვა, ძალადობა, როგორც საჯარო სექტორის, პოლიციის, ასევე კრიმინალური სამყაროს, დაშინება ადამიანების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და რაც ყველაზე საგანგაშოა, ნების გამოვლენაზე პირდაპირი ზეწოლა თავად საარჩევნო უბნებზე. სადაც გაყალბების, მანიპულაციის, ძალადობის ხელი ვერ მისწვდა, ანუ საზღვარგარეთ, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ გავიმარჯვეთ ავღანეთშიც. გვექნება სამართლებრივი დავა ამ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ეს არის ყველა კანონის, ნორმის, წესის დარღვევით ჩატარებული პროცედურები. ეს იყო მოსყიდვის, დაშინების, ფარულობაზე პირდაპირი ზეწოლის არჩევნები. ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით მარტო ჩვენ არ ვსვამთ კითხვებს, სამოქალაქო სექტორს, უცხოელ დამკვირვებლებსაც აქვთ კითხვები”, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირი გარიგება დადო ქურდულ სამყაროსთან და დანაშაულებრივ ჯგუფებთან.
„გამგებელი, ძველი ბიჭი, საკრებულოს თავმჯდომარე გვერდიგვერდ იდგნენ საარჩევნო უბანზე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამას ძალიან ცუდი რეაგირება მოჰყვება, რადგან ტყულად კი არ გაუკეთებიათ ძველ ბიჭებს თუ ქურდულ სამყაროს ეს ყველაფერი, კონკრეტული ინდულგენციები აქვთ ახლა გადასახდელი. გვაქვს კონკრეტული სახელები და გვარები ზონის მაყურებლების, რომლებიც მუშაობდნენ არჩევნებისთვის. გვაქვს ინფორმაცია, რომ ზონის მაყურებლები აიძულებდნენ პატიმრებს, თავის ოჯახებშიც კი დაერეკათ და წნეხი გაეკეთებინათ. ეს არის დანაშაულებრივი გარიგება „ქართულ ოცნებასა“ და დანაშაულებრივ სამყაროს შორის”, – განაცხადა ვაშაძემ.