გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციით ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი რეალობა დადგა, ამ ვითარებას პასუხი უნდა გავცეთ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციით საქართველოსთვის უმძიმესი რეალობა დადგა.
ვაშაძის თქმით, ახლა ქართველი ხალხის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„ევროპარლამენტის რეზოლუციით ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი რეალობა დადგა. პირველ რიგში, რეზოლუცია ქართველი ხალხისთვის გზავნილია. ახლა ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება დაფიქრება და ამ კატასტროფულ ვითარებას პასუხი უნდა გავცეთ. „ქართულმა ოცნებამ“ წაგვართვა სახელმწიფო და მიიტაცეს საქართველოს ხელისუფლება. გვართმევენ ევროპულ პერსპექტივას. ერთი მხრივ, ახლოა კანდიდატის სტატუსი, მეორე მხრივ, კი ახლოა ისიც, რომ მოპოვებული რაც გვაქვს, ისიც დავკარგოთ – ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა. ასობით ათას ადამიანს, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში პურის საშოვნელად არის წასული, იმათ შეექმნებათ პრობლემა. დროა, როცა ყველა უნდა გამოვფხიზლდეთ, დავიბრუნოთ სამშობლო და ჩვენი ხმა გავაგონოთ მათ, ვინც მეტს აკეთებს, რომ როგორმე საქართველო ევროპისკენ ინტეგრაციის გზას აცდეს. თითოეულ თქვენგანზეა პასუხისმგებლობა. სანქციების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი თავის ლუკმაპურს იშოვის, მაგრამ მშიერი შეიძლება, აღმოჩნდეს მთელი საქართველო, ჩვენი ოჯახები, შვილები და ის ისტორიული შანსი, რომელიც გვაქვს, შეიძლება, ხელიდან გამოგვეცალოს. შემდეგ კი, ათწლეულები დაგვჭირდეს, რომ ეს შანსი დავიბრუნოთ. ამიტომ ახლა გამოფხიზლების დროა. ევროპას პასუხი უნდა გავცეთ, გადამწყვეტი დღეებია და ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არავინ მოგატყუოთ, რომ ვინმეს საქართველოს ომში ჩათრევა უნდა. გუშინდელ დისკუსიაში ევროპარლამენტში ვინმემ ამის მსგავსი გაიგონეთ? – მათ გული შესტკივათ ქვეყანაზე, ქართველ ხალხზე და უნდათ, ქვეყანა წელში გაიმართოს და მყარი დემოკრატია ჰქონდეს. თუ რამე ჩემს სახეზე სასიხარულოს ხედავთ, მითხარით. გული მტკივა, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, ამ ისტორიულ შანს აგვაცილოს. საზოგადოებას მივმართავ, ცოტა ხანი „ქართულ ოცნებას“ ნუ მოუსმენთ, კონსულტანტების დაწერილი ტექსტებით ლაპარაკობენ. შინაგანად თვითონაც ეწინააღმდეგებიან იმას, რასაც ამბობენ. დროა, გამოვაფხიზლოთ ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა. მათი შანტაჟის არავის ეშინია, საქართველომ ევროპული პერსპექტივა უნდა მოიპოვოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო.