გიორგი ვაშაძე - ეუთო-ს დამკვირვებლებს ვხვდებით, მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენს პოზიციას გაითვალისწინებენ
ახლა ვხვდებით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიებს, მოლოდინი მაქვს, რომ გაითვალისწინებენ ჩვენს პოზიციას. ჩვენი პოზიციაა, რომ უნდა გვქონდეს საერთო ოპოზიციური პოზიცია. ჩვენ ვიხრებით იქით, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შევიდეს პარლამენტში, – ამის შესახებ ეუთო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ასევე შეხვდება აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებსაც.
„ახლა ვიმყოფებით ისნის რაიონში, სადაც 80 უბნიდან 80 პროცენტში ბიულეტენები აკლია საარჩევნო ურნაში. ეს ნიშნავს, რომ მასიურად ე.წ სომხური კარუსელი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. სწორედ ფულის გადაცემის ის ვიდეოები, რაც ჩვენ გვქონდა ნაჩვენები, ნიშნავს, რომ ეს მასიურად ხდებოდა სწორედ აქ და მთელს საქართველოში. ამაზე გვექნება საუბარი. ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ, რაც ახლა არის. ვაპირებთ ბრძოლას. კვირას 15:00 საათზე მოვუწოდებ ყველას მოვიდნენ რუსთაველზე. აუცილებლად ყველა უნდა შევიკრიბოთ და საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამერიკის საელჩოსაც შევხვდებით. ახლა ვხვდებით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიებს. მოლოდინი მაქვს, რომ გაითვალისწინებენ ჩვენს პოზიციას. ჩვენი პოზიციაა, რომ უნდა გვქონდეს საერთო ოპოზიციური პოზიცია. ჩვენ ვიხრებით იქით, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შევიდეს პარლამენტში“, – განაცხადა ვაშაძემ.