გიორგი ვაშაძე - ეს დღე უნდა იყოს სიმბოლო, რომ ერთად დავდგებით და მაქსიმალურად დავუახლოვოთ ერთმანეთს პოზიციები
დამოუკიდებლობის გზა, რომელიც დაიწყო 30 წლის წინ, ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან რეალური თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ, ჩვენი უნდა შევქმნათ და ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა, სადაც გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„ეს დღე არის ერთიანობის და როცა ერთად ვდგავართ, ყველაფერი შეგვიძლია, შეგვიძლია უძლიერესი სახელმწიფო ავაშენოთ. ვფიქრობ, დამოუკიდებლობის გზა, რომელიც დაიწყო 30 წლის წინ, ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან რეალური თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ, ჩვენი უნდა შევქმნათ და ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო, სადაც იქნებიან ძლიერი ოჯახები, ძლიერი ადამიანები და საქართველოს თითოეული მოქალაქე იგრძნობ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც საკუთარი თავის რეალიზება შეუძლია. ამ ადამიანებმა დიდი ღვაწლი ჩადეს, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენს დამოუკიდებლობას, ეს ჩვენ უნდა გავიაზროთ როგორც მნიშვნელოვანი წინამძღვარი იმ საქმეების, რომელიც გასაკეთებელი გვაქვს. დღეს საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. სამწუხაროდ, ისევ გახლეჩილია ერი, ისევ გახლეჩილია საზოგადოება და ეს დღე უნდა იყოს სიმბოლო, რომ ისევ ერთად ვართ, ისევ ერთად დავდგებით და მაქსიმალურად დავუახლოვოთ ერთმანეთს პოზიციები. ქვეყანა დასავლური ღირებულებებით შენდება მხოლოდ კომპრომისებით, შეთანხმებით, გაერთიანებებით და არა დაპირისპირებებით, ლანძღვა-გინებით და ერთმანეთზე ცუდის თქმით. შეგვიძლია, ძლიერი სახელმწიფო გვქონდეს და ამას ჩვენ მივაღწევთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.