გიორგი ვაშაძე - ერთიანი ძალებით უნდა ვიბრძოლოთ ამ რეჟიმის შესაცვლელად, ყველა მხარეს მოვუწოდებ, თავი შეიკავეთ რადიკალური განცხადებებისგან
გიორგი ვაშაძე - ერთიანი ძალებით უნდა ვიბრძოლოთ ამ რეჟიმის შესაცვლელად, ყველა მხარეს მოვუწოდებ, თავი შეიკავეთ რადიკალური განცხადებებისგან

პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მშვიდობიან პროტესტში არ მიიღებდნენ მონაწილეობას, შემდეგ მაინც მოვიდნენ და მიიღეს მონაწილეობა, აქედან გამომდინარე, ნუ გადავუსწრებთ მოვლენებს, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების ერთიანი სიის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა ვიბრძოლოთ ამ რეჟიმის შესაცვლელად, რომელსაც მივყავართ რუსეთისკენ, პირდაპირ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, ყველა წინადადება უნდა განვიხილოთ. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, შეიკავეთ თავი რადიკალური განცხადებებისგან. აგერ არის პირველი ეტაპი, მაჟორიტარების თანამშროლობა. პროცესი გვიჩვენებს, რა არის საჭირო. ყველა წინადადებას აქვს საკუთარი შინაარსი და დასაბუთება. მთავარი ის კი არ არის, მე რა მინდა, რომელიმე პარტიას რა უნდა, მთავარია, რა უნდა ხალხს. აქედან უნდა ამოვიდეთ და ამ ამოსავალი წერტილიდან გავაკეთოთ ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, გასაგებია, რომ გასაგებია იმ პარტიების პოზიცია, რომლებიც გაერთიანების წინააღმდეგნი არიან, თუმცა, მნიშვნელოვანია იმ გადაწუყვეტილების მიღება, რაც სწორი და ქვეყნისთვის უკეთესია.

„გასაგებია, რომ ამბობენ, არ გავერთიანდებით. სხვა საკითხებზეც მერე გავერთიანდით. მაგალითად, პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მშვიდობიან პროტესტში არ მიიღებდნენ მონაწილეობას, მერე მაინც მოვიდნენ და მიიღეს მონაწილეობა მშვიდობიან პროტესტში. ამან მოიტანა 8 მარტის გამარჯვება. ეს პროცესია, ხალხო, ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ნუ გადავუსწრებთ მოვლენებს, შევხედოთ, დავაკვირდეთ და დარწმუნებული ვარ, საღი აზრი გაიმარჯვებს. რაც სწორი და უკეთესია, ის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ხალხისთვის და ქვეყნისთვის“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ერთიანი სიის შესახებ არის შეთავაზება და არა გადაწყვეტილება.

„უნდა დავჯდეთ და ვიმსჯელოთ. ჯერ ნაადრევია საუბარი, ვინ ემხრობა, ვინ ეწინააღმდეგება. უნდა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ყველა ალტერნატიულ სტრატეგიაზე. ეს იდეა იანვარშიც იყო, როცა საარჩევნო სისტემა არ იცვლებოდა. ბევრი ვიხილავდით ამ საკითხს, ამიტომ შევხედოთ. ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები არის წინ. ვნახოთ, როგორ მოხდება, რა მოხდება, ამ ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ნუ ავაჩქარებთ და გადავუსწრებთ მოვლენებს წინ. მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აფიქსირებს ამ წინადადებას, მზაობა მისგან არის, შესაბამისად, ყველამ უნდა ვიფიქროთ ამ საკითხზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება არჩევნების თარიღის შესაძლო გადაწევას, გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს არჩევნების გადადების საფუძველს ვერ ხედავს.

„პირველი, ეს არის სპეკულირება ადამიანების ჯანმრთელობით, ეს არის ბინძური საქმე, რასაც ისინი ეწევიან. შემუშავებული აქვთ გეგმა „ბ“ იმისთვის, რომ თუ მძიმე ვითარება ექნათ ოქტომბერში, რაღაც მანიპულაციები ჩაატარონ. დღეს მე არჩევნების გადავადების ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ. არჩევნები უნდა ჩატარდეს 31 ოქტომბერს. ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, არის ადამიანების ჯანმრთელობა, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური კოლაფსი, რომელშიც არის დღეს ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.