გიორგი ვაშაძე - ერთადერთი შანსი დარჩა, ევროკავშირმა სტატუსი ავანსად მოგვცეს, ეს იქნება ავანსად საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა - „ქართული ოცნებისთვის“
ერთადერთი შანსი დარჩა, რომ ევროკავშირმა სტატუსი ავანსად მოგვცეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება იქნება ავანსად საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა – „ქართული ოცნებისთვის“.
„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ სტატუსთან დაკავშირებით ბოლომდე საბოტაჟში დარჩენილიყო, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების განწყობის, არასამთავროებისა და ოპოზიციის ინტენსიური მუშაობის შედეგად იმედი მაქვს, რომ სტატუსს ავანსად მოგვცემენ. ამოცანა, რომ ქვეყანა რუსული ძალებისგან გათავისუფლდეს და რეფორმები გატარდეს, ამას ჩვენს ამოცანად საქართველოს მოქალაქეები ვიტოვებთ. ერთადერთი შანსი დარჩა, რომ ევროკავშირმა კეთილი ნება გამოიჩინოს და სტატუსი ავანსად მოგვცეს, რისი დიდი იმედიც მაქვს. თუ გადაწყვეტილება იქნება, ეს იქნება ავანსად საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა – „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც ბოლო წუთამდე საბოტაჟს აგრძელებს სტატუსის მინიჭებისას“, – განაცხადა ვაშაძემ.