გიორგი ვაშაძე - ეროვნული კონსოლიდაცია, არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება, პროდასავლური ძალების ხელისუფლებაში მოსვლა - ეს არის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ გვაქვს
ეროვნული კონსოლიდაცია, არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება, პროდასავლური ძალების ხელისუფლებაში მოსვლა – ეს არის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკელი პარტნიორების შეთავაზება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს.
„მართლაც უპრეცედენტო შეთავაზებაა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა, მეორე მხრივ, ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც ნიშნავს მილიარდობით ინვესტიციას საქართველოში, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამუშაო ადგილების შექმნას. სწორედ ეს არის შედეგი იმ ასობით ათასი ქართველის ქუჩაში გამოსვლის და მშვიდობიანი პროტესტის, ახალგაზრდების ბრძოლის, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს. რაც მთავარია, ამის მოქმედებაში მოსასვლელად უცილებელია, ღიად ვთქვათ, ხელისუფლების ცვლილება, იმისათვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს დასავლური განვითარების კურსს, არ იყოს რუსული კანონები, რუსული რეჟიმები, ანტიმედასავლეთეები, ანტიქართველები, ქვეყანას მართავდნენ იმ ხალხის წარმომადგენლები, რომლებიც ქუჩაში ღირსეულად დგანან. ძალიან მკაფიოა შეთავაზება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ არის, ამასთან ერთად, სამუშაო პროცესი, სადაც შეგვიძლია, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე, ვინც არალეგალურად იმყოფება ამერიკაში, მათი ლეგალიზება მოხდეს და ყველა ეს სიკეთე ბოლომდე მიიღოს საქართველომ. ჩვენ არაერთხელ, მანამდე ამერიკაში ვიზიტის დროს, ვსაუბრობდით ამ შესაძლებლობებზე, ახლა უკვე ხმამაღლა საუბრობენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები“, – განაცხადა ვაშაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თქმით, ეროვნული კონსოლიდაცია, არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება, პროდასავლური ძალების ხელისუფლებაში მოსვლა ის პერსპექტივაა, რომელიც საქართველოს აქვს.
„მე მაინტერესებს, რა პასუხს გასცემენ ამ ყველაფერს „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში არიან? ისევ რუსული კანონის მიღებას აპირებენ? ისევ აპირებენ, საქართველო ააცდინონ დასავლური გაერთიანების გზას და ეს საოცარი პერსპექტივა ჩაუხშონ და მოუკლან საქართველოს? ვფიქრობ, დღესავით ნათელია ყველაფერი, საერთო ეროვნული კონსოლიდაცია, არჩევნების მექანიზმით ხელისუფლების ცვლილება, დემოკრატიული პროდასავლური ძალების ხელისუფლებაში მოსვლა, იმ ადამიანების წარმომადგენლების, რომლებიც დღეს ქუჩაში არიან და მშვიდობიან პროტესტს აგრძელებენ. ეს არის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამასთან ერთად ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და ფაქტობრივად დიდი განვითარების ნახტომი შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისკენ, ეს არის გზა საქართველოს განვითარებისკენ და ეს არის გზა ძლიერი, ერთიანი საქართველოსკენ, რომელიც ასე ძალიან ყველას გვინდა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
„პოლიტიკომ“ მოიპოვა ინფორმაცია ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე. როგორც „პოლიტიკო“ წერს, კანონპროექტის მიხედვით, „საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს“.