გიორგი ვაშაძე - ელჩებზე თავდასხმას ვემიჯნები, ცალკეულ პირს თუ ჟურნალისტს შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი აზრი, არ მეგულება პარტია, რომელიც თავს ესხმის ამერიკის ან ევროკავშირის საელჩოებს
ელჩებზე თავდასხმას ვემიჯნები, არ მგონია ეს სწორი პროცესი იყოს ამ შემთხვევაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვაშაძის თქმით, ცალკეულ პირს თუ ჟურნალისტს შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი აზრი, თუმცა მას არ ეგულება პოლიტიკური პარტია, რომელიც თავს ესხმის ამერიკის ან ევროკავშირის საელჩოებს.
„ელჩებთან მიმართებაში ყველა თავდასხმას ვემიჯნები, რადგან ისინი არიან ჩვენი პარტნიორები და არა რომელიმე მხარის პოზიციის მხარდაჭერა, არამედ ფასილიტაცია და შეთანხმებისკენ სვლა უნდა მოახდინონ. მესმის ადამიანების, რომლებიც ძალიან დიდი პერსონალური წნეხის ქვეშ არიან, მათ ოჯახის წევრების და ყოველთვის ვუგულშემატკივრებ, გვერდში დავუდგებით, მაგრამ შეტევა საელჩოებსა და ელჩებზე არ მგონია სწორი პროცესი იყოს ამ შემთხვევაში.
ეს არის კონკრეტული ადამიანების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მსგავსი პოზიცია არ გამოუხატავს. ცალკეულ პირს თუ ჟურნალისტს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი აზრი. მე არ მეგულება არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც დღეის მდგომარეობით თავდასხმას ახორციელებს ამერიკის ან ევროკავშირის საელჩოებზე.
პოლიტიკოსებს რომ გაეკეთებინათ ეს განცხადება, მანდ უფრო თავისუფალი ვიქნებოდი შეფასებაში, ჟურნალისტიკის თვალსაზრისით, ყველას შეუძლია, საკუთარი პოზიცია ჰქონდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მან კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებებში ფასილიტატორის როლის შესრულებისა და პროცესისთვის ხელის შეწყობისთვის.
„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმა. მინდა, მადლობა ვუთხრა იმისთვის, რასაც აკეთებენ და იმედი მაქვს, ამ მნიშვნელოვან გზას გააგრძელებენ, მათ შორის ქალბატონი დეგნანი და ბატონი ჰარცელი არიან ჩვენ ქვეყნის მეგობრები. მინდა მადლობა ვუთხრა მათ იმ საქმისა და იმ დიდი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც შეიძლება მათ არც ეკისრებოდათ, თავისი მანდატიდან გამომდინარე, მაგრამ ამას იღებენ საკუთარ თავზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.