გიორგი ვაშაძე - ძირითად საკითხებთან დაკავშირებით ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციას შორის კვლავ მნიშვნელოვანი სხვაობაა
გიორგი ვაშაძე - ძირითად საკითხებთან დაკავშირებით ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციას შორის კვლავ მნიშვნელოვანი სხვაობაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას პოზიტიურად აფასებს.

როგორც ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითად საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციას შორის კვლავ მნიშვნელოვანი სხვაობაა. მისივე თქმით, გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება.

„ნამდვილად პოზიტიური და საქმიანი იყო დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი, არის საკითხები, სადაც ხდება პოზიციების დაახლოება. მაგრამ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კვლავ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციას შორის. დღევანდელი დისკუსიის შემდეგ გვექნება შიდა განხილვები, რა თქმა უნდა, აქ საუბარი არის რიგგარეშე არჩევნებზე, პატიმრების საკითხებზე და სხვა საკითხებზე. მთელი დღე აქ ვართ, ვიმსჯელეთ აბსოლუტურად ყველა საკითხზე, რაც კი არის ამოწეული, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ყველა საკითხზე.

არის საკითხები, სადაც ყველა თანხმდება, რომ ფუნდამენტურად შესაცვლელია საარჩევნო გარემო ქვეყანაში ნამდვილად, არის საკითხები, რაზეც გაგრძელდება მსჯელობა, არის საკითხები, სადაც ვერ ვთანხმდებით, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, პატიმრები, პოლიტპატიმრები. თუმცა, შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ამ სამუშაო რეჟიმში მუშაობას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს დიპლომატებს, რომლებმაც ეს მედიაცია შეძლეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ისე დაახლოვდეს პოზიციები, რომ ოპოზიცია პარლამენტში ვიხილოთ, ბაქრაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი არ დასმულა და ამ კუთხით მსჯელობა არ ყოფილა.

„ჯერ არ განიხილება, არ დასმულა ეს საკითხი, რომ ვინმე პარლამენტში შედის. ნამდვილად არ გვქონია ამ კუთხით არანაირი საკითხი დასმული, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, დაახლოებას ვამბობ იმ თვალსაზრისით, რომ ყველა თანხმდება, კონკრეტული საკითხები ფუნდამენტურად არის შესაცვლელი.

საარჩევნო კომისიების კომპოზიციაზე ნამდვილად იყო საუბარი, რაზე ჩამოვყალიბდით და როგორ ჩამოვყალიბდით, არ მაქვს შესაძლებლობა ახლა, რომ გითხრათ ეს საკითხები, რადგან კვლავ შევთანხმდით, რომ შემდეგ შეხვედრაზე დაველოდებით განახლებულ დოკუმენტაციას, რომლის მიხედვითაც გავაგრძელებთ კომუნიკაციას. ელჩებს სურთ, მოხდეს შეთანხმება და არა ის, თუ ვინ რა დოკუმენტი შეიმუშავა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.