გიორგი ვაშაძე - დიდი შანსი გამოჩნდა ახალი პოლიტიკური ცენტრის მძლავრი მხარდაჭერის, ამ მიმართულებით სხვა პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ
ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, შესაბამისად, მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საზოგადოების მხრიდან მესამე, ახალი პოლიტიკური ცენტრის მძლავრი მხარდაჭერის დიდი შანსი გამოჩნდა და ამ მიმართულებით სხვა პარტნიორებთან ერთად იმუშავებენ.
„აბსოლუტურად სრულიად ახალი რეალობა არის ქვეყანაში. ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, წავიდა „ქართული ოცნებისგან“, დატოვა როგორც თანამდებობა, ასევე წევრობა. შესაბამისად, მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ამ შემთხვევაში. პირდაპირ ვთქვათ, ეს ახალი რეალობა გულისხმობს, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან სერიოზულად დაკარგავს მხარდაჭერას და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ალტერნატიული არჩევანი. რა შეიძლება იყოს ეს არჩევანი? მძლავრი მიზიდულობის ცენტრი, მესამე პოლიტიკური ცენტრის სახით. ვინ შეიძლება იყოს აქ – სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, თუ ცალკეული პოლიტიკოსები, სხვადასხვა ექსპერტები, თუ საზოგადოებრივი პირები. ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, ვმსჯელობთ და თებერვლიდან გააქტიურდება მუშაობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. მთავარია, არ ჩავიციკლოთ მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებაში და პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. არამედ, კარგად დავინახოთ, რომ დიდი შანსი გამოჩნდა, მესამე, ახალი პოლიტიკური ცენტრის ძალიან მძლავრი მხარდაჭერის საზოგადოების მხრიდან. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ ჩვენ, სხვა პარტნიორებთან ერთად“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.