დიალოგს აქვს თავისი წინაპირობები, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეთავაზებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ვაშაძის თქმით, წინაპირობა არის ოპოზიციის მიერ შემუშავებული საარჩევნო მოდელის განხილვა.
„დიალოგს აქვს თავისი წინაპირობები, კონკრეტული კანონპროექტი, რომელიც დევს და ყველა წამყვანი კონსტიტუციონალისტი უჭერს მხარს, ამბობს, რომ კონსტიტუციის მიხედვით არის ეს ყველაფერი შექმნილი. ეს გადაცემულია დიპლომატიური კორპუსისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მხოლოდ ამის მერე აქვს აზრი დიალოგს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს და საპარლამენტო ფორმატებს დაუბრუნდნენ.
ამასთან, ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი საარჩევნო მოდელი შეიმუშავეს, რომელიც მათი ინფორმაციით, მზად არის პარლამენტში ინიცირებისთვის. „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, მათ მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის მოდელი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატავს საზოგადოებრივ აზრს და უპირატესობა აქვს პროპორციულ სისტემას, ეფუძნება გერმანულ მოდელს, მაგრამ ითვალისწინებს საქართველოს რეალობას. ახალი მოდელით, პროპორციულად ნაწილდება ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, მაგრამ შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა, თუმცა საუბარია მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე.