გიორგი ვაშაძე - დღეს მივიღეთ გარანტია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შესასრულებლად ევროკავშირის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვექნება
დღეს მივიღეთ გარანტია, ევროკავშირის მხრიდან გვექნება სრული მხარდაჭერა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდება როგორც მართლმსაჯულების კუთხით, ისე სხვა მიმართულებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შარლ მიშელთან შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია.
„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია ან ცდილობს, გადაუხვიოს და რატომ? რადგან მას არ უნდა, ქვეყანაში ჩაატაროს დემოკრატიული რეფორმები. მას უნდა, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს მიტაცებული, მას არ უნდა ძლიერი ინსტიტუციები, თავისუფალი არჩევნები და უნდა, რომ იძალადოს ისევ საქართველოს მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, ნებისმიერ სხვაზე. სწორედ ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი. ვერ დავუახლოვდებით ევროკავშირს, თუ საქართველოში პროცესი გაგრძელდა ისე, როგორც დღეს ვითარდება. ფაქტობრივად, საჯარო გამოსვლებში „ქართული ოცნების“ ლიდერები ანტიდასავლური პროპაგანდის თანამონაწილეები არიან. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი. შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება არ უნდა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ დღეს მივიღეთ იმის გარანტია, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ევროკავშირის მხრიდან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდება, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხით, სხვა მიმართულებითაც, რომელიც ამ დოკუმენტში არის გაწერილი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ 5 ივლისის უმძიმეს ძალადობის ფაქტებზე, რომელიც იყო ჟურნალისტებთან მიმართებაში და კონკრეტულად ვუთხარით ფაქტები, რომ პოლიციამ არა თუ ვერ, არ დაიცვა ჟურნალისტები, არ დაიცვა საქართველოს მოქალაქეები. უფრო მეტიც, კორიდორებს უკეთებდა მოძალადე ჯგუფებს, რათა თავს დასხმოდა კონკრეტულ ადამიანებს. ყველა ეს კომპონენტი ჯამურად აჩვენებს იმას, რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და დავაბრუნოთ საქართველო ევროპული განვითარების გზაზე. არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა, გადაუხვიოს ევროკავშირისკენ ინტეგრაციის პროცესს. რატომ უნდა რომ გადაუხვიოს? დემოკრატიული განვითარება ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში, „ქართულ ოცნებას“ კი უნდა, რომ ყველა ფასად შეინარჩუნოს ხელისუფლება. ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ.
შარლ მიშელმა პირდაპირ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან. გაცილებით მკაცრი იქნება ცალსახად მისი საუბარი დახურულ კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ, მაგრამ ისაუბრებს ასევე კონკრეტულ მექანიზმებზეც. როგორც იცით, ეს არის ფინანსური მხარდაჭერის სანქცირება. ფაქტობრივად, ეს არის სხვა მექანიზმები. აუცილებლად იქნება ამაზე საუბარი, მაგრამ მთავარი არის, რომ ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტთან ერთად გამოვკვეთეთ გზა ევროპული ინტეგრაციისა და განვითარების. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ცდილობს სისტემურად დაარღვიოს და გადაუხვიოს ამ გზას, რომ დავაბრუნოთ უკან კალაპოტში. ამაში მოგვეხმარებიან ჩვენი ევროპელი კოლეგები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.