გიორგი ვაშაძე - დღეს ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ, მაგრამ ჯერ ქვეყანაში კრიზისი არ არის დასრულებული
დღეს ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ, მაგრამ ჯერ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის დასრულებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როცა პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი.
„პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როცა ყველა კანონი, რაც მისაღებია, საკონსტიტუციო ცვლილებები, ორგანული კანონი იქნება მიღებული და რაც მთავარია, ოქტომბერში საქართველოში ტარდება რეფერენდუმი. ამ რეფერენდუმით საქართველოს მოქალაქეები შეთანხმების შესაბამისად, გადაწყვეტენ 2020 წლის არჩევნები იყო ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური. უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და უნდა შეიცვალოს თუ არა ხელისუფლება ქვეყანაში. რეფერენდუმზე თითოეული მოქალაქე მოვა და ის, საკუთარი ხმით გადაწყვეტს, უნდა ახალი თაობის განვითარება ქვეყანაში, თუ იმ ჭაობში ყოფნა, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ. გულწრფელად მინდა ვთქვა, ეს არის ღირსეული დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს, რაც მთავარია, წინ უზარმაზარი სირთულე გველოდება, ბრძოლები საპარლამენტო დისკუსიების დროს. „ქართული ოცნება“ მარტივად არ განახორციელებს ყველა ცვლილებას, მაგრამ აქ წარმოდგენილი ადამიანები, ყველანი მზად ვართ, დასავლელი პარტნიორების სრული მხარდაჭერით და რაც მთავარია, ქართველი ხალხის სრული მხარდაჭერით, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ შესრულდეს ყველა პუნქტი ამ დოკუმენტში. მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ვაშაძემ.