გიორგი ვაშაძე - დღეს არანაირი ვითარება და გარემოება არ არის, რომ არჩევნები გადაიდოს
გიორგი ვაშაძე - დღეს არანაირი ვითარება და გარემოება არ არის, რომ არჩევნები გადაიდოს

თუ ოქტომბრის ბოლოსთვის მძიმე რეიტინგული პოლიტიკური მდგომარეობა ექნებათ, შეეცდებიან, არჩევნები გადაიტანონ დეკემბრის ბოლოსთვის, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„როდესაც ჯანმრთელობით სპეკულირებს პოლიტიკური ძალა, ეს არის ბინძური პოლიტიკური თამაში. დღევანდელი მდგომარეობით, არანაირი პრობლემა არჩევნებს ოქტომბრის ბოლოს არ ექნება. რაც ყველაზე მთავარია, თავად გახარია გამოვიდა და სამი თვის შემდეგ იძახის, რომ ყველგან უნდა გვქონდეს მასობრივი ტესტირების მექანიზმიო. მე როგორც ვხედავ, ამ პროცესის გაჭიანურება სპეციალურად ხდება, რათა მათ ჰქონდეთ გეგმა „ბ“. თუ ოქტომბრის ბოლოსთვის მათ მძიმე რეიტინგული პოლიტიკური მდგომარეობა ექნებათ, ისინი შეეცდებიან, არჩევნები გადაიტანონ დეკემბრის ბოლოსთვის. პირდაპირ ვამბობ, ეს არის ცეცხლთან თამაში, ეს არის თამაში ადამიანების ნერვებზე, შიმშილზე, გაჭირვებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, დღეს არანაირი ვითარება და გარემოება არ არის იმის, რომ არჩევნები გადაიდოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებას პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.