გიორგი ვაშაძე - დავით გარეჯის საქმეზე დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოკითხვა მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, ბევრი ადამიანის ზეპირი სიტყვა მტკიცებულებად გამოიყენოს
დავით გარეჯის საქმეზე დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოკითხვა იმაზე მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, ბევრი ადამიანის ზეპირი სიტყვა მტკიცებულებად გამოიყენოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, მას არ ახსენდება, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, მისი თანამდებობიდან გამომდინარე, სხვაზე მეტი წვდომა ჰქონოდა დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„მე საერთოდ არ ვიცი, რა შუაშია დიმიტრი ლორთქიფანიძე დავით გარეჯის საქმესთან. არ მახსოვს, რომ რაიმე თანამდებობა ან პოზიცია ჰქონოდა, რითაც სხვაზე მეტი წვდომა ექნებოდა რაღაც საკითხებზე. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, რატომ მისცა მან ჩვენება. „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ უნდა, რომ ბევრი ადამიანი გამოიყვანოს, რომლის ზეპირ სიტყვას და ზოგად ლაპარაკს გამოიყენებს მტკიცებულებად. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ უბრალოდ პოლიტიკურ პროცესთან გვაქვს საქმე და არა რეალურ გამოძიებასთან. ამიტომ სამწუხაროა, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება სახელმწიფო ინტერესების გამოყენება“, – განაცხადა ვაშაძემ.