გიორგი ვაშაძე დავით გარეჯის საქმეზე - დადგეს შოუ და უნდათ, რომ ყველამ ამ აბსურდზე ვისაუბროთ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დავით გარეჯის საქმე ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ, უმუშევრობისა და სიღარიბის თემის გადასაფარად მოიგონა.
მისი თქმით, პროკურატურის მიმართ ნულოვანი ნდობა აქვთ.
„ნულოვანი ნდობა რუსეთის მოქალაქე გახარიას ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით. ნულოვანი ნდობა რაღა თქმა უნდა პროკურატურას. ამათ რამე შეუძლიათ? ხალხს რომ უთხრან, რამე დაპირება შევასრულეო, ან რამის გაკეთებას ვაპირებო? შესაბამისად, ისევ მოიგონეს, დადგეს შოუ და უნდათ, რომ ყველამ ვისაუბროთ აი ამ აბსურდზე, რომელსაც ახლა ჩვენ გვიყვებიან. მე მათ მოვთხოვე საზოგადოებრივი კომისიის შექმნა, ჩართონ ამაში დამოუკიდებელი ექსპერტები. ამას თავს არიდებენ, უნდათ, რომ ისევ ცალ კარში ითამაშონ, არ გაუვათ. ისაუბრეთ შიმშილზე, ისაუბრეთ გაჭირვებაზე.
ჩვენ, როგორც კი გავიმარჯვებთ, თუ სადმე რამე დანაშაულის შემადგენლობა არის, დამერწმუნეთ, თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი პროკურატურა ყველაფერ ამას იპოვის, მაგრამ რაღაც ისეთი სუნი ასდის ამას, რომ დანაშაული პირიქით დამსხვრეული ოცნებების მხარეს იქნება. პირდაპირ ვაცხადებ, რომ არჩევნებს შემთხევევით არ ემთხვევა ეს საქმე. მარტივი საკითხია, არ უნდათ, რომ ვისაუბროთ საშინელ უმუშევრობაზე და სიღარიბეზე, მათ კორუმპირებულობაზე და ქრთამის აღებაზე. მოიგონეს, შეთხზეს თემა და უნდათ, რომ ამაზე ვისაუბროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გააკეთებდნენ საზოგადოებრივ საბჭოს, მოიყვანდნენ დამოუკიდებელ ექსპერტებს და ამაზე იქნებოდა ღია დისკუსია და მსჯელობა. ახლა დგამენ შოუებს, ვიღაცა დააკავეს, მეორე დააკავეს, საქმეებს აღძრავენ. ნულოვანი ნდობა რუსეთის მოქალაქე გახარიას და ნულოვანი ნდობა მითუმეტეს იმ პროკურატურას, რომელიც ამ საქმეს იძიებს. არჩევნების შემდეგ ისე დაივიწყებენ ამ საქმეს, ვითომც არაფერი“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.