გიორგი ვაშაძე - ხალხის ნერვებზე დაუსრულებლად თამაში უნდა დავასრულოთ
ჩემი პოზიციაა და ეს ვუთხარი კიდეც მედიაციის მხარეს, რომ დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში უნდა დავასრულოთ. ამისთვის აუცილებელია, საბოლოო ნაბიჯებამდე მივიდეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვაშაძის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტში, როგორც ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტში, პოლიტიკურ პატიმრებთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები აუცილებლად იქნება.
„როგორი მიდგომა იქნება გამოყენებული ეს არ ვიცი. ალბათ, ყველა შეხვედრის შემდეგ, ბატონი დანიელსონი თვითონ გააკეთებს საჯარო განცხადებას, სადაც გვეტყვის შემდგომ ნაბიჯებს როგორ ვდგამთ. ჩემი პოზიციაა და ეს ვუთხარი კიდეც მედიაციის მხარეს, რომ დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში უნდა დავასრულოთ. ამისთვის აუცილებელია, საბოლოო ნაბიჯებამდე მივიდეთ. ან ხდება შეთანხმება, ან ვერა. მგონია, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია და უნდა მოხდეს, მაგრამ შეთანხმება ნებისმიერ საკითხზე ვერ მოხდება. დავსვი კითხვა და მივიღე პასუხი, რომ ყველა საკითხი იქნება გათვალისწინებული ამ დოკუმენტში“, – განაცხადა ვაშაძემ.