გიორგი ვაშაძე - ჩვენი პოზიცია არის, რომ ვიყოთ ერთიანები, ავირიდოთ თავიდან მოსალოდნელი საფრთხეები, შევინარჩუნოთ მშვიდობა და განვავითაროთ ეს ქვეყანა
უმძიმესი ვითარება არის ჩვენს რეგიონში და ალბათ, ნომერ პირველი ამოცანა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, არის მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება ქვეყანაში. ამას სჭირდება კონსოლიდაცია, ერთიანობა და ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უარი თქვა ოპოზიციის შეთავაზებაზე, რომ ბრიუსელში ერთიანი ვიზიტი განხორციელებულიყო, საერთო სტრატეგიით ერთად ემუშავათ ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციაზე, შემუშავებულიყო სამოქმედო გეგმა საქართველოში უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნებისთვის, ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
„ჩვენი ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულებაც არის, რომ საქართველო გარდა განაცხადზე ხელმოწერისა, კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს, რათა მართლა დაჩქარდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც არის ჩვენი მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გარანტი. ევროპამ ნამდვილად სხვაგვარად რომ შეხედოს საქართველოს, აუცილებელია ჩვენ ვაჩვენოთ ერთიანობა და ამ ერთიანობაზე თქვენ ამბობთ უარს. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ქვეყნის შიგნით, ჰქმნის მტრის ხატს და არ უნდა ნაბიჯები გადადგას ერთიანობისკენ, ის არის საკუთარი სახელმწიფოს ამ შემთხვევაში, საქართველოს მტერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი უნდა სთავაზობდეს ოპოზიციას იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, სადაც შეიძლება თანამშრომლობა განხორციელდეს იმ უმძიმესი გამოწვევების საპასუხოდ რაც დღეს საქართველოში და რეგიონში არის.
„ჩვენი პოზიცია არის, რომ ერთიანები ვიყოთ, ავირიდოთ თავიდან ამ ქვეყანაში მოსალოდნელი საფრთხეები, შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, განვავითაროთ ეს ქვეყანა და გადავდგათ ნაბიჯები ევროინტეგრაციისკენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მთავარი წინაღობა არის „ქართული ოცნება“.
„თქვენ არ გსურთ რეფორმები, რადგან ფიქრობთ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ვერ შეინარჩუნებთ ძალაუფლებას. ფიქრობთ, მიუკერძოებელი სამართალდამცავი ორგანოების შემთხვევაში ვერ შეინარჩუნებთ ძალაუფლებას. ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ გვქონდეს ერთიანი სამოქმედო გეგმა საქართველოს მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, გადაიდგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, რათა საქართველო იყოს ცივილიზებული სამყაროს გვერდით ამ მართლაც ისტორიული დაპირისპირების და უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური კატაკლიზმების პირობებში. დღეს გავლებულია წითელი ხაზი და აქ შენ ხარ ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს. სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.