გიორგი ვაშაძე - ჩვენი გუნდის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა, რომ უარს ვამბობთ მანდატებზე, ჩავხსნით სიასაც
გიორგი ვაშაძე - ჩვენი გუნდის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა, რომ უარს ვამბობთ მანდატებზე, ჩავხსნით სიასაც

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მანდატებზე უარს ამბობს, – ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება გუნდმა ერთსულოვნად მიიღო.

„აბსოლუტურად ერთსულოვანია გადაწყევტილება. ხვალ მივმართავთ ცესკო-ს, მანდატებზეც უარს ვიტყვით, სიასაც ჩავხსნით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძის განმარტებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს, როგორ აქამდე, ყოველთვის ექნება დამოუკიდებელი პოზიცია სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში.

„სიტუცია ძალიან მძიმეა. ის, რომ ხვალ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, არის ვინმეს არა გამარჯვება, არამედ, პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს არის უზარმაზარი  პრობლემა და უზარმაზარი მარცხი ქართული დემოკრატიის. ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა და სახელმწიფო.

ჩვენ -„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს, ისევე როგორ აქამდე, ყოველთვის გვექნება ჩვენი დამოუკიდებელი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მეტი და მეტი კონსოლიდაცია იმ ადამიანების, ვინც ფიქრობენ, რომ უნდა ჩაერთონ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“, – აღნიშნა ვაშაძემ.

გარდა ამისა, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკების შემდეგ რაუნდში, თუ ის გაიმართება.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ აუცილებლად  მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში, იმედი მაქვს, რომ შემდგომი რაუნდი გაიმართება. იმედია, ყველა მხარე კარგად გაიაზრებს ამ მძიმე ვითარებას, რადგან  მართლაც უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისშია ქვეყანა. ყველამ უნდა ვიფიქროთ სახელმწიფოებრივად და მივიღოთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.