ჩვენ არაფრისგან დისტანცირებას არ ვაპირებთ, – ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ისინი დღევანდელ აქციას შეუერთდებიან და აქციის ორგანიზატორებთან, ახალგაზრდებთან ერთად იმსჯელებენ სამომავლო გეგმაზე.
ვაშაძის თქმით, დღეს არ არის იმის გარჩევის დრო, ვინ პოლიტიკოსია, ვინ ახალგაზრდაა და ვინ უფროსი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, აზრით ამ თემაზე საუბარი და დაპირისპირება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობს.
ვაშაძის განცხადებით, ახალგაზრდებსაც და მათაც საერთო ამოცანა, დღის წესრიგი აქვთ.
„პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკოსებს ვერავინ აიძულებს იმ გადაწყვეტილებების და მოთხოვნების შესრულებას, რაც არის შესასრულებელი. ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად, აქციის ორგანიზატორებთან ერთად ვიმსჯელებთ და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელი იქნება საერთო გამარჯვებისთვის“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.