გიორგი ვაშაძე - ჩემს თანაპარტიელებს ბოდიშიც მოვუხადე თეონა აქუბარდიასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით დიდი მომავალი აქვს
ჩემს თანაპარტიელებს ბოდიშიც მოვუხადე თეონა აქუბარდიასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით დიდი მომავალი აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ის, რომ თეონა აქუბარდიას განსხვავებული პოზიცია აქვს, ეს მხოლოდ მისი აზრი არ არის.
„ერთი ტყუილი იკადრა დღეს და ძალიან ცუდია – ომბუდსმენის კანდიდატების გამოკითხვაზე არ იღებენ მონაწილეობასო, არადა პაატა მანჯგალაძე არის ამ გასაუბრებებზე. სიღრმისეულ კომენტარებში არ შევალ. ჩემს თანაპარტიელებს ბოდიშიც მოვუხადე მასთან დაკავშირებით, რადგან ჩემი ინიციატივა იყო მისი შეყვანა და სამწუხაროდ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ვერაფერი მიიღო ამ პროცესიდან. ის, რომ მას ცოტა სხვანაირი პოზიცია აქვს, მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. მე უფრო დიდ პატივს ვცემ მის მამას, დავით აქუბარდიას და მას დავეთანხმებოდი თეონასთან დაკავშირებით მოსაზრებაში. პარლამენტში სამუშაო ჯგუფები რომ აღარ არის, ახლა მოუნდა სამუშაო ჯგუფში შესვლა და რომელ სამუშაო ჯგუფში, არ ვიცი. დამთავრდა ეს სამუშაო ჯგუფები. რაც მოხდა, მოხდა. რა ვქნათ. თქვენ ისიც იცით, რომ სამწუხაროდ, თეონა აქუბარდია ჩვენი პარტიის დიდი სახე არ ყოფილა. მძიმე ვითარება გვქონდა. ვფიქრობ, რომ მას „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით დიდი მომავალი აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“.
თეონა აქუბარდიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ 28 ოქტომბერს დატოვა და მიზეზად საპარლამენტო მუშაობისგან პარტიის დისტანცირება დაასახელა.