გიორგი ვაშაძე - ჩანაწერი, რაც ნახეთ, მხოლოდ ანბანია, გაცილებით მეტი ტექნიკური შესაძლებლობა გვაქვს, რომ მავნებელი გამყალბებლები ვამხილოთ
გიორგი ვაშაძე - ჩანაწერი, რაც ნახეთ, მხოლოდ ანბანია, გაცილებით მეტი ტექნიკური შესაძლებლობა გვაქვს, რომ მავნებელი გამყალბებლები ვამხილოთ

ჩანაწერი, რაც თქვენ ნახეთ, მხოლოდ ანბანია, რადგან გაცილებით მეტი ჩანაწერი და ტექნიკური შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ მავნებელი გამყალბებლები ვამხილოთ, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„გვაქვს ჩანაწერები, რა საუბრები, თუ დავალებებია და კომისიებში როგორ მუშაობენ. ფიქრობენ, რომ კომისიის ჩვენი წევრები „დაკერილი“ ჰყავთ და რაღაც ფულები შესთავაზეს. ამის საპასუხოდ, ჩვენ გვაქვს ყველა ეს ვიდეომასალა და როცა საჭირო გახდება, გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, დღეს უკვე ყველამ კარგად იცის, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის მასიურ გამოყენებაზეა ჩამოკიდებული.

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი თავი მართლაც ამოწურა. ვფიქრობ, ამ ყველაფერს, მავნებლობას და კორუმპირებულ, ჩამპალ სისტემას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, განსაკუთრებით, საჯარო მოხელეები გრძნობენ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ბევრ ფულს ხარჯავს, რათა არასაარჩევნო პერიოდში სამჯერ და ათჯერ მეტი იშოვონ.

„ამის არა ერთი მტკიცებულება გაჩვენეთ – ოთხი მილიარდი ერთ პირთან მოლაპარაკებით, 70 მილიონი მარტო ერთი ტენდერიდან გამქრალი და სასახლეები, რომლებიც პარლამენტის წევრებს და მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ აშენებული“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს გაყალბების მექანიზმი, რის საპირისპიროდაც მათ შექმნეს ელექტრონული სისტემა, რომლის პრეზენტაციაც ხვალ ექნებათ.

„ეს არის ertoba2018.ge, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, სხვადასხვა დარღვევების შესახებ მათ მიერ გადაღებული ვიდეო-ფოტო მასალა ატვირთოს. დანარჩენი საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი, მყისიერად, ონლაინ რეჟიმში ხდება ხელმისაწვდომი. ხელისუფლების ერთ-ერთი სცენარია, ოქმები გადაწერონ, მაგრამ ჩვენ აწყობილი გვაქვს შესაბამისი სისტემა, სადაც ყველა ოქმი შედგენის პროცესშივე იქნება დაფიქსირებული, მათ შორის, ვიდეოკამერებით და ეს ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში წავა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.