გიორგი ვაშაძე - ცესკო-ს ვაფრთხილებ, არც ერთ ხმას არ გავაყალბებინებთ
„ძალა ერთობაშია“-ს წევრი გიორგი ვაშაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუწოდებს, განმარტოს, 76 საოლქო საარჩევნო კომისიიდან 70 საოლქო კომისიაში წარმომადგენლები ცესკომ-მ ნეპოტიზმით რატომ შეარჩია.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ცესკო-მ პირველივე გადაწყვეტილებებით, საარჩევნო ადმინისტრაციაში ტოტალური გაყალბების – საარჩევნო მექანიზმის ჩამოყალიბება დაიწყო.
ვაშაძის ცნობით, ცესკო-მ საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირება „ქართული ოცნების“ რაიონულ შტაბებსა და სუს-ის წარმომადგენლებს გადააბარა.
„ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ საარჩევნო კომისიის 76 ე.წ. დამოუკიდებელ ვაკანსიაზე გასაუბრების გარეშე „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების, სუს-ის მაღალჩინოსნების ან საარჩევნო ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანების ოჯახის წევრები დანიშნა. ეს მიუთითებს, რომ არჩევნების გაყალბებას აპირებენ. ცესკო-ს ვაფრთხილებ, რომ არც ერთ ხმას არ გავაყალბებინებთ და ის არ გაუვათ, რასაც აპირებენ“, – აღნიშნა ვაშაძემ.
ვაშაძემ საარჩევნო ოლქებში არჩეული ის პირებიც დაასახელა, რომელთა ოჯახის წევრებიც, მისი ინფორმაციით, „ქართულ ოცნებასთან“ ან სუს-თან არიან დაკავშირებული.
„საბურთალოზე მაია ფეტვიაშვილი აირჩიეს, რომელიც კრწანისის ოლქის თავმჯდომარის მეუღლეა. ისნის ოლქში, ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატად ფიქრია ნიკოლაიშვილი დაინიშნა, რომელიც „ქართული ოცნების” შტაბის წევრის, გრიგოლ გოგუას მეუღლეა. თამარ ჟვანიამ კი, თელავში
საკუთარი მაზლის ცოლი ლეილა სიბაშვილი დანიშნა. ასევე, მესტიის სუს-ის ხელმძღვანელმა ლენტეხში საკუთარი მეუღლე მარინა ბენდელიანი დანიშნა. ამბროლაურში ქეთევან ბაღაშვილი დაინიშნა, რომელიც საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მეუღლეა. რისთვის გვყავს საერთოდ ცესკო“, – განაცხადა ვაშაძემ.