გიორგი ვაშაძე - ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები არიან არჩევნების გაყალბების ჭანჭიკები, მათ მხარს ვერ დავუჭერთ
წარდგენილი კანდიდატები არიან არჩევნების გაყალბების ჩვეულებრივი ჭანჭიკები. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობას იღებდნენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის შერჩეულ კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ვაშაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მათ მხარს ვერ დაუჭერენ.
„მათ ვერც ერთ შემთხვევაში მხარს ვერ დავუჭერთ, მით უმეტეს, მათ მხარს არც სამოქალაქო სექტორი არ უჭერთ. კარგია, რომ ისინი იქნებიან დროებითი წევრები, თუ საბოლოოდ აირჩევენ და მათ არანაირი რეპუტაციული ნიშნული არ ექნებათ, რის გამოც მათ გადაწყვეტილებებს ექნება ნდობა საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.
ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობის თანახმად, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობა. თუ ცესკო-ს ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ მოხდა, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.