გიორგი ვაშაძე - არ ვიცი, კონკრეტულად ვინ იყო თაკო ჩარკვიანთან მისული, არ დავინტერესებულვარ, რადგან ზუსტად ვიცი, რა პასუხსაც მიიღებდნენ მისგან
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამავე პარტიის წევრის, თაკო ჩარკვიანის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მასთან არავინ მისულა გარიგებისთვის, თუმცა თაკო ჩარკვიანთან მივიდნენ.
ამასთან, როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლების გადაბირების მცდელობა უფრო აქტიური იყო რამდენიმე კვირის წინ.
„ჩემთან არ ყოფილან, მასთან იყვნენ მისულები. ნამდვილად არ ვიცი, კონკრეტულად ვინ იყო მისული, არ დავინტერესებულვარ, რადგან ზუსტად ვიცი, რა პასუხსაც მიიღებდნენ თაკო ჩარკვიანისგან ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად, ეს პროცესები უფრო აქტუალური იყო რამდენიმე კვირის წინ, რომ ეგონათ ვიღაცებს გადაიბირებდნენ, მაგრამ დღეს „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ ოპოზიცია ერთიანია და ურჩევნიათ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ზურგს უკან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მასთან ოჯახში იმყოფებოდნენ და პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ გარიგება შესთავაზეს.
„უკვე ოჯახებში დაძრწიან კობახიძის ტიპები, და არა მხოლოდ, გადასაბირებლად“, – განაცხადა ჩარკვიანმა.