გიორგი ვაშაძე - ამნისტიის კანონთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნებისგან ყველამ შევიკავოთ თავი, უამრავი მცდარი ინტერპრეტაცია ვრცელდება, რაც ნეგატიურად მოქმედებს დაზარალებულებზე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ყველას მოუწოდებს, ამნისტიის კანონთან მიმართებით წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავონ.
მისივე თქმით, კანონპროექტი ყველაზე გვიან, მომავალი კვირის სამშაბათს დარეგისტრირდება და ყველა ყველაფერს გაიგებს.
„ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, გთხოვთ, ყველამ შევიკავოთ თავი წინასწარი დასკვნებისგან, რადგან უამრავი მცდარი ინტერპრეტაცია ვრცელდება, რაც განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს დაზარალებულებზე. სამწუხაროდ, ზოგიერთი მიზანმიმართულად აკეთებს ამას! პირობას გაძლევთ, სამშაბათია ბოლო ვადა, როცა ყველა ყველაფერს ნახავთ! რადგან ახლა მიმდინარეობს კანონპროექტის შემუშავება და ყველაზე გვიან სამშაბათს დარეგისტრირდება. რაც მთავარია, ყველა თვალის ამომთხრელი მიეცემა პასუხისგებაში და დადგება დრო, ყველა დავალების გამცემი დაისჯება!“ – ნათქვამია გიორგი ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.