გიორგი ვაშაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ დოკუმენტის შესრულების გარანტორი მხარეებისგან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას, მიშელის დღევანდელი განცხადება არასწორი იყო
აქტიურად უნდა დაიწყოს მუშაობა აღსრულების მექანიზმის ჩართვაზე, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, მექანიზმები მათ შორის შეიძლება იყოს პერსონალური სანქციები.
„მიუღებელია, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ვფიქრობ, აქტიურად უნდა დაიწყოს მუშაობა აღსრულების მექანიზმის ჩართვაზე, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
მექანიზმები შეიძლება იყოს როგორც პერსონალური სანქციები, ისე ფინანსურ ვალებთან დაკავშირებით, რითაც შემდეგ ხმებს ყიდულობენ ხოლმე, და კიდევ სხვა მექანიზმები, რომლებზეც საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს განიხილება ძალიან ინტენსიურად“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ
ვაშაძის განმარტებით, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების გარანტორები იყვნენ აშშ და ევროპა და სწორედ ამიტომ მოაწერეს ხელი შეთანხმებას.
„ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენ ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ სწორედ იმ გარანტიით, რომ ამერიკა და ევროპა იყვნენ გარანტორები ამ დოკუმენტის შესრულების. შეაბამისად, ჩვენ კიარ გადაგვაგდეს, მათ საგარანტიო სიტყვას არ სცა პატივი „ქართულმა ოცნებამ“. ნამდვილად არ მაინტერესებს ახლა ხელი მოაწერა თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ვინმემ. ჩვენ მოვაწერეთ მაშინ, როდესაც შეთანხმება შედგა. მათ შორის პირადად შარლ მიშელიც არის პასუხისმგებელი ამაზე. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის თანმიმდევრული საკუთარ გადაწყვეტილებებში, კატეგორიულად მოვითხოვთ გარანტორი მხარეების მხრიდან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას. რაც შეეხება შარლ მიშელის უსუსტეს განცხადებას, რომელიც დღეს ჰქონდა, ცოტა ხანში თქვენ ნახავთ საპასუხო განცხადებას ჩემი მხრიდან, რადგან, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ეს იყო არასწორი განცხადება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა შეთანხმებასთან მიმართებაში საკუთარ თავზე ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულონ და კრიტიკულად აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხში.
„ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საკუთარ თავზე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ შეთანხმებასთან მიმართებაში. ამის შემდგე განვიხილავ სხვა საკითხებს. ვალდებულებები ხელმოწერებთან და მათ შორის ჩემთან მიმართებაში აიღეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა და ისინი ვალდებულები არიან ჩვენს მიმართ. მე „ქართულ ოცნებას“ რომ არ ვენდობოდი, ეს ორჯერ ორი ოთხია. მე ვენდე მათ და მათგან ვითხოვ კრიტიკულად აქტიურ ჩართულობას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.
ამასთან, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დღეს განცხადება გაავრცელა.