გიორგი ვაშაძე - ამდენი პოლიტიკური პარტია ვართ და ყველა ერთ აზრზე არ არის ყველა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ საერთო სტრატეგიაში ერთიანები ვართ
„ქართულ ოცნებასთან“ შემდგომი შეხვედრის შემდეგ შევძლებთ საჯარო სივრცეში უფრო ღიად საუბარს, რომ თითოეული მოქალაქის აზრი გავიგოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ოპოზიციის ერთიანი პოზიციები შევაჯერეთ. მიხარია, რომ ჩვენ საერთო პოზიციით უკვე ვემზადებით შემდგომი შეხვედრისთვის დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც სავარაუდოდ „ქართული ოცნებაც“ მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის პოზიციები, რაც იქნა დაფიქსირებული, უკვე იქნება გაცვლილი ამ შეხვედრაზე. ამის შემდეგ, უკვე საჯაროდ შევძლებთ განხილვას ჩვენს მხარდამჭერებთან, თქვენთან ერთად მედიასაშუალებებით თუ სხვადასხვა კუთხით, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც არის ახლა განხილვაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, პროცესი წინ მიდის.
„ფრთხილი ოპტიმიზმით შეიძლება, შევხედოთ ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ვერსია არის, ამდენი პოლიტიკური პარტია ვართ და ყველა ერთ აზრზე არ არის ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ საერთო სტრატეგიაში ჩვენ ერთიანები ვართ და ერთიანად, ერთიანი პოზიციით წარვდგებით შემდგომ შეხვედრაზე. რაც იყო საჯაროდ დასმული, იყო პლებისციტთან დაკავშირებით საუბარი, განსხვავებული მოსაზრებები, იყო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით სხვადასხვა თარიღებთან დაკავშირებით მოსაზრებები, იყო სხვადასხვა თემაზე მოსაზრებები, მაგრამ ყველა ამ საკითხზე, გულწრფელად გეუბნებით, რომ ჩემი აზრით და ჩვენი პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შემდგომი შეხვედრის შემდეგ შევძლებთ საჯარო სივრცეში უფრო ღიად საუბარს, რომ თქვენი აზრი, თითოეული მოქალაქის აზრი გავიგოთ. მეც მინდა, ვიცოდე, რა უნდათ ჩვენს მხარდამჭერებს და რაზე, რა ტიპის შეთანხმებისთვის არის მზად საზოგადოება“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.