გიორგი ვაშაძე - ამ ორ დღეში დავინახავთ, შეთანხმების გზით მივდივართ თუ დაპირისპირების
გიორგი ვაშაძე - ამ ორ დღეში დავინახავთ, შეთანხმების გზით მივდივართ თუ დაპირისპირების

ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ორი დღის მანძილზე გავარკვიოთ, რა არის ევროკავშირის პოზიცია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, უახლოეს ორ დღეში გაირკვევა, ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხმების გზით მიდიან თუ დაპირისპირების.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და ვაპირებ ჩვენი პოზიცია გავაცნო, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორი დღის მანძილზე გავარკვიოთ, რა არის ევროკავშირის პოზიცია იმიტომ, რომ ახალი ფუნქციით, რითაც ევროკავშირი ამ პროცესში შემოვიდა, ნიშნავს, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული პოზიცია და მხარეებს შესთავაზონ შეთანხმების კონკრეტული შინაარსი ექვსივე პუნქტთან დაკავშირებით. ზოგადად, ვფიქრობ, რომ შეთანხმება სჭირდება ჩვენს ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ყველა სახელმწიფოებრივად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს და ამ ორ დღეში დავინახავთ, მივდივართ შეთანხმების გზით, თუ მივდივართ დაპირისპირების გზით. ბევრი რამ დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“ და არა -ოპოზიციაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.