გიორგი ვაშაძე - ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლა ოპოზიციის პოზიციაში ცვლილებას ვერ შეიტანს
გიორგი ვაშაძე - ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლა ოპოზიციის პოზიციაში ცვლილებას ვერ შეიტანს

პარლამენტი როგორი არალეგიტიმურიც იყო, ისეთივე არალეგიტიმური რჩება, რადგან ორი ადამიანის დამატება ვერ შეცვლის ვერანაირად ამ პარლამენტისადმი ლეგიტიმაციის მთავარ კითხვას, რომელიც არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილებაში ახალი არაფერია, ამის მოლოდინი იყო.

„ოპოზიციის პოზიციაში ეს ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს. პარლამენტი როგორი არალეგიტიმურიც იყო, ისეთივე არალეგიტიმური რჩება, რადგან ორი ადამიანის დამატება ვერ შეცვლის ვერანაირად ამ პარლამენტისადმი ლეგიტიმაციის მთავარ კითხვას, რომელიც არის. რაც შეეხება, სხვა შევა თუ არა, მე როგორც ვიცი, არავინ სხვა არ აპირება შესვლას – არც „გირჩი,“ რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ არ აპირებს შესვლას, თუ ფუნდამენტურ საკითხზე რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არ მოხდა შეთანხმება. მეტიც – დღეს „ისფედმა“ გამოაცხადა, რომ 8%-ის შემთხვევაში იყო მეტობით შეჯამებული უბანი, რაც ნიშნავს, რომ 8 მეტია ერთზე. ერთპროცენტიანი ცდომილების შემთხვევაში ამბობენ, რომ ხელახლა დანიშნავდნენ არჩევნებს. აი, ბატონო მტკიცებულება, არანაირი საგამოძიებო კომისია ამას არ სჭირდება, დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, პარტია „მოქალაქეების“ გადაწყვეტილება ოპოზიციის არც გეგმებს და არც მოთხოვნებს არ ცვლის.

„ოპოზიციის უახლოესი გეგმებია, რომ ჩვენ, მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ გაფართოებისთვის. ბევრი ადამიანი გვიერთდება, პოლიტიკა არ არის მხოლოდ პარლამენტში სკამი, პოლიტიკა არის ხალხის ინტერესების დაცვა, და ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მოლაპარაკებას რაც შეეხება, მზად ვართ. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავში უნდა მოძებნოს რეალური ძალა, გასცეს პასუხი საზოგადოებას და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმება შედგა და ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის.