გიორგი ვაშაძე - ALDE-ს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს სააკაშვილის შეწყალების მექანიზმი, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, თუ გვინდა, რომ ევროპის კარი არ დაიხუროს
„ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) რეზოლუციაში პრეზიდენტისადმი მიმართვაა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს, აუცილებლად უნდა მოხდეს ამის გათვალისწინება, თუ გვინდა, რომ ევროპის კარი არ დაიხუროს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს და იმედოვნებს, რომ „ერთიანი ძალისხმევით საბოლოოდ შედეგზე გავალთ“.
„ქვეყნის იმიჯის შელახვას რაც შეეხება, მას თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნება“ ანგრევს ევროპულ ასპარეზზე, მათი პრორუსული განცხადებები, მათი თავმჯდომარის თავდასხმები ევროპელ პარტნიორებზე. ALDE-ს რეზოლუციაში სწორედ ამაზეა ლაპარაკი. დღეს რამე თუ ხელს გვიშლის, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ეს არის „ქართული ოცნება“. რაც შეეხება ეუთო/ოდირის დასკვნას, დასკვნა არ გვინახავს, კონკრეტულად ამ დასკვნაში არის ბევრი რამ, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით. მიქანაძემაც კონკრეტული ვერაფერი დაასახელა, რაზე არის პოზიტივი და რა რეკომენდაციებს იძლევა ეუთო/ოდირი. ვნახავთ დასკვნას. კანონპროექტში, რომელიც ინიცირებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან, არაფერია ნათქვამი ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, ასევე უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე, როგორ უნდა მიიღონ მათ არჩევნებში მონაწილეობა. არაფერია ნათქვამი ძველი პირადობის მოწმობების საბოლოო გაუქმებაზე, რაც თავსატეხი არის ყველა არჩევნებზე. ამიტომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ამის შემდეგ პოზიციას ჩამოვაყალიბებ. აშკარად ნირწამხდარი იყო მიქანაძე. როგორ ჩანს, ბევრი ისეთი საკითხი იყო დასკვნაში, რომელიც მათ არ უნდათ, რომ გააკეთონ.
მე შემიძლია, ALDE-ს შეკრებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოზიცია გითხრათ, ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, არამედ, როგორც ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, მისი მოწამვლის ფაქტთანაც დაკავშირებით. ALDE-ს რეზოლუციაში ასევე ნათქვამია და მიმართვაა პრეზიდენტთან მიმართებაში, რომ მან შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს. აუცილებლად უნდა მოხდეს ამის გათვალისწინება, თუ გვინდა, რომ ჩვენთვის ევროპის კარი არ დაიხუროს. მიხეილ სააკაშვილის თემა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს და იმედი მაქვს, ერთიანი ძალისხმევით საბოლოოდ შედეგზე გავალთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ დღეს განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ წინსწრებით წარმოადგინეს დასკვნის პროექტი. მისივე თქმით, მოცემულ დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც კონკრეტულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.