„გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ახალგაზრდებს შეხვდა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, უმუშევრობასთან ერთად, დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა დაბალი ხელფასებია.
„დაბალი ხელფასი უდრის უმუშევრობას. ოფიციალური მონაცემებით, 261 700 უმუშევარი ადამიანია, ამ რიცხვს უნდა დავამატოთ 300 ლარამდე ხელფასის რაოდენობა – 63 653. 300-დან 600 ლარამდე ხელფასზე საქართველოში მუშაობს 97 246 ადამიანი, ხოლო 600-დან 900 ლარამდე ხელფასზე დასაქმებულია 117 012 ადამიანი. ყველა ეს მონაცემი, ფაქტობრივად, უდრის უმუშევრობას. ფაქტობრივად, საქართველოში 539 611 უმუშევარი ადამიანია. წარმოიდგინეთ, ნახევარი მილიონი ადამიანი, ფაქტობრივად, უმუშევარია. სწორედ ამიტომაა, რომ 800 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე ემიგრაციაში წავიდა. გაზრდილი ფასების პირობებში ეს ხელფასი რომ არაფერია და არაფერს ყოფნის, ფაქტია. შესაბამისად, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს, მინდა, დავუსვა კითხვა: ამ ადამიანებს დასაქმებულებს რომ არქმევთ, წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ ასეთი დაბალი შემოსავალი, თქვენს ოჯახებს არჩენდით ამ ხელფასებით? საკმარისი იქნებოდა? მთავარი კითხვაა: რატომ ხდება ეს უსამართლობა? ბატონი ღარიბაშვილი ძალიან ცინიკურად ესაუბრება ემიგრანტებს. გუშინ ამ ადამიანმა ემიგრანტებს უთხრა, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობა უნდათ, საქართველოში ჩამოვიდნენ. ისე ესაუბრებიან, გეგონება, ეს ხალხი დალხენილი ცხოვრების გამო ან დასასვენებლად წავიდა უცხოეთში. 12 წელია, ხელისუფლებაში ხართ და რა გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის? იმისთვის, რომ ემიგრაციაში არ წასულიყო ხალხი? იმისთვის, რომ ევროპული და ამერიკული ინვესტიციები მოგეზიდათ, რათა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნილიყო? გაგვეცით პასუხი, რატომ ხდება, რომ თქვენ მდიდრდებით, ხალხი ღარიბდება?“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.