გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე დარღვევების მხრივ მძიმე მდგომარეობაა
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე დარღვევების მხრივ მძიმე მდგომარეობაა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, გურჯაანის მერვე საარჩევნო უბანზე უკვე წინასწარ ხელმოწერილია ოქმი, რაც გაუგონარი დარღვევაა.
„08:00 საათზე უკვე ოქმი შეავსეს და ფიქრობენ, რომ წინასწარ ჩაწერენ ამ ყველაფერში ყველა მონაცემს. ეს არის კანონდარღვევა და წარმოუდგენელია რაც ხდება. ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა გურჯაანის რაიონში, სადაც ფაქტობრივად ფიზიკურად ძალადობენ პოლიციის ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები. გურჯაანის სოფელ ჯანდარში გამოაძევეს ჩვენი წარმომადგენელი ანა რუაძე, რადგან ყველა უბანზე – 21, 26 , 27 უბნებზე დაფიქსირებული გვაქვს სისტემურად, რომ ადამიანებს აიძულებენ გამოსვლის შემდეგ გახსნან ბიულეტენი, ანუ ფარულობა დაარღვიონ, აჩვენონ, რომ მათ შემოხაზეს შესაბამისი კანდიდატი. მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ შტაბს, რომ დაანებონ კანონდარღვევებს თავი. მარნეულის 59-ე უბანზე იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, რომელიც აიძულებს ასევე ამომრჩეველს ღიად აჩვენოს ყველაფერი. დიდუბეში 29-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე აძევებს საერთაშორისო დამკვირვებელს, რადგან უბნის ტერიტორიაზე აგიტაცია დააფიქსირა დამკვირვებელმა”, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ნაძალადევში „ქართული ოცნების“ კოორდინატორები დგანან სამაგიდო სიებით ხელში, ფოტოსურათებიანი სიებით, ეს არის კანონდარღვევა.
„ფოტოსურათებიანი სიების გასაჯაროების უფლება მათ არ აქვთ. საარჩევნო უბნებზე მაგიდები ისე დგას, შეუძლებელია, დამკვირვებლის მხრიდან კონტროლი იმ მონაცემების, რაც არის საარჩევნო უბნებზე. .მოვუწოდებთ თამარ ჟვანიას მისცეს შესაბამისი განკარგულება უბნებს, რომ ნუ ზღუდავენ დამკვირვებლების მოქმედებას საარჩევნო უბნებზე. ყველას მოვუწოდებთ, რომ დარღვევებს თუ დააფიქსირებენ მოგვწერონ ჩვენს ვებგვერდებზე. შეგიძლიათ თქვენი მობილური ტელეფონებიდან გამოგვიგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები”, – განაცხადა ვაშაძემ.