გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხით არ ინტერესდება და ამას დროს არ უთმობს
ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომელიც უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. ამიტომ, არჩევნების შემდეგ ვინ ჩამოვა და ვინ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი ამ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი არ არის.
„ნუ გადავიტანთ საკითხებს ისეთ თემებზე, რომელიც არ არის პირდაპირ მნიშვნელოვანი ამ არჩევნებისთვის. ამ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია, დავიწყოთ ხელისუფლების ცვლილების პროცესი, აღმშენებლობა, საქმის კეთება, წინსვლა. ამისთვის იბრძვის მესამე ძალა და „სტრატეგია აღმაშენებელი“, – განაცხადა ვაშაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად რეალური ჰგონია, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ვაშაძემ განაცხადა, რომ არ იცის და ამ საკითხით არც ინტერესდება.
„არ ვიცი, არ ვინტერესდები, არ მაინტერესებს და დროს არ ვუთმობ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.