გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებული ინიციატივა არის თაღლითური სქემა
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებული ინიციატივა არის თაღლითური სქემა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებული ინიციატივა არის თაღლითური სქემა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ყველა, ვინც „ქართულ ოცნებას“ ამ თაღლითური სქემის ორგანიზებაში აყვება, ის არის თაღლითობისა და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯის თანამონაწილე.

„პრორუსული „ქართული ოცნება“ თაღლითობას აგრძელებს. ამ ინიციატივით გამოვიდნენ, რადგან საქართველომ მიიღოს კიდევ ერთხელ უარი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. ეს არის პირდაპირი თაღლითური სქემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა. ყველა, ვინც „ქართულ ოცნებას“ ამ თაღლითური სქემის ორგანიზებაში აყვება, ის არის თაღლითობისა და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯის თანამონაწილე. ძალიან კონკრეტული მექანიზმი არსებობს, რომელიც მათ დაამკვიდრეს და ჩვენ არაფერ ცვლილებას არ ვითხოვთ. სამოქალაქო სექტორი წარმოადგენს რამდენიმე კანდიდატს. ამ კანდიდატებიდან ჩვენ ვირჩევთ სახალხო დამცველს. სახალხო დამცველი არის ნომერ პირველი სამოქალაქო სექტორიც და უფლებადამცველიც ქვეყანაში. შესაბამისად, კანდიდატურა უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ. რაც შეეხება აკადემიურ წრეებს, ამ მაიმუნობებსა და თაღლითობებს, ასეთი თაღლითობა ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევისას ჩვენ უკვე ვნახეთ. აკადემიური წრეები კი არა, ეს ხალხი ვინ არის გასარკვევია. ორჯერ ორი ოთხია, „სტრატეგია აღმაშენებელი“ თაღლითობის მონაწილე არ იქნება და ვინც „ქართულ ოცნებას“ ამაში მიეხმარება, ის ეწინააღმდეგება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიცემას“, – განაცხადა ვაშაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, „გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეიძლება, ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან ადგილი ჰქონდეს საბოტაჟს კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით“.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ გუშინ წარადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შევა.