გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მზად არის, ხელისუფლებისთვის სასურველ დროს დებატებში დასხდნენ და დაასახელოს ევროპული ფონდები, საიდანაც 14 მილიარდ ევროს მოიზიდავს
მზად ვარ, პირდაპირ ეთერში ორივე დავსხდეთ და ვაჩვენო საზოგადოებას, რომელ ფონდებზე არის საუბარი, რადგან მე ვერ გამოგყვებით ამდენ ტყუილში, რომელსაც თქვენ კადრულობთ, – ასე უპასუხა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას 14-მილიარდიან დაფინანსებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების დაწყებისთანავე აღნიშნული დაფინანსება საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება.
„მინდა, ირაკლი კობახიძეს მივმართო, რომელიც თავის გუნდთან ერთად ბლოკავს 14 მილიარდი ევროს მიღებას. ბატონო ირაკლი, თქვენთვის სასურველ დროს, თქვენთვის სასურველ ტელეარხზე მზად ვარ, მოვიტანო სახელობითად ის ევროპული ფონდები, საიდანაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მოვიზიდოთ 14 მლრდ ევრო. სახელობითად ჩამოგითვლით ყველა ფონდს, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია, ის თანხა მოვიტანოთ და თუ თქვენ არ გეშინიათ სიმართლის და თუ თქვენ არ ბლოკავთ 14 მლრდ ევროს, მე მოვიტან ყველა იმ ფონდის დასახელებას, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია 14 მლრდ ევროს მოზიდვა. 14 მლრდ ევრო, რომლის გამოყენებაც სამუშაო ადგილების შექმნაში, წარმოებების შექმნაში, სოფლის მეურნეობის განვითარებაში, განათლებაში, ჯანდაცვასა და ყველა სოციალური მიმართულებით შეიძლება. მე მზად ვარ, დოკუმენტურად, პირდაპირ ეთერში ორივე დავსხდეთ და ვაჩვენო საზოგადოებას, რომელ ფონდებზე არის საუბარი, რადგან მე ვერ გამოგყვებით ამდენ ტყუილში, რომელსაც თქვენ კადრულობთ, რადგან თქვენ ხართ მატყუარა ადამიანები, უფრო მეტიც, დაკავებული ხართ ჩემი გამონათქვამების გაყალბებით თქვენ მიერ მართულ ტელეარხებზე. რაც არ მითქვამს, იმას აწერთ ჩემს ფოტოს, ეს არის თქვენი სიყალბის ხელწერა. ამიტომ, თუ თქვენ მართალი ხართ, არ უნდა შეგეშინდეთ და პირდაპირ ეთერში მოდით, დავსხდეთ დებატებში და ხალხის წინაშე მე ჩამოგითვლით ყველა იმ ფონდის სახელწოდებას, საიდანაც 14 მლრდ ევროს, მინიმუმ 14 მლრდ ევროს საქართველო მიიღებს გაწევრიანების, მოლაპარაკების შემდგომ, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება იყოს და საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ველოდები თქვენგან პასუხს ბატონო ირაკლი, თუ არ გეშინიათ, გელოდებით დებატებში“, – განაცხადა ვაშაძემ.