გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „მესამე მძლავრი ცენტრის“ შექმნას გეგმავს, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილს ვერ ხედავს
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „მესამე მძლავრი ცენტრის“ შექმნას გეგმავს, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილს ვერ ხედავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქართულ პოლიტიკაში „მესამე მძლავრი ცენტრის“ შექმნას გეგმავს.

როგორც ვაშაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, ამ გაერთიანებაში იმ ძალების კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიეკუთვნებიან.

„მათ თავისი განრიგი აქვთ, თავისი განრიგით შეუძლიათ, გააგრძელონ. ჩვენი, სხვა პოლიტიკურ ძალების ამოცანაა, რომ კონსოლიდაცია გავაკეთოთ მეორე ნახევარი მილიონი ხმის და უფრო მეტისაც 600 ათასამდე ხმის, რომელიც არის გაბნეული პატარ-პატარა ოპოზიციური პარტიებში, რომელიც არ ჩანს როგორც ძალა, როგორც მძლავრი ძალა ისე უნდა გამოვაჩინოთ ეს. ეს არის ყველაზე მსხვილი ნაწილი იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე მეტად თავისუფალ არჩევანს აკეთებს, მაგრამ მათ სჭირდებათ რაღაცა შემკრები. ეს ამოცანა გვიდგას, ღიად ვსაუბრობ, რომ ყველამ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაკეთებთ ამ ყველაფერს, როგორ გავაკეთებთ ამის კონსოლიდაციას. მესამე მძლავრი ცენტრის გაკეთება, რომელიც გახდება პირველი ცენტრი, აქ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილს ვერ ვხედავ, მათ თავისი გზა აქვთ, თავის ამომრჩეველს ეკონტაქტებიან,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, მესამე მძლავრ ცენტრში გულისხმობს არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ცალკეულ აქტიური ადამიანებსაც.

„არ ვსაუბრობ მხოლოდ პარტიებზე, ვსაუბრობ ცალკეულ აქტიურ ადამიანებზე. ეს პროცესი კარგად უნდა გავიაზროთ. ვფიქრობ, ამისთვის დრო გვაქვს, ზოგადად ამაზე ძალიან სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. არადა, არ გვეძლევა საქმეზე ორიენტირებული მსჯელობა, რადგან „ქართულ ოცნებასაც“ თავისი კამპანია ერთადერთ რამეზე აქვს აგებული, რომ რა ცუდია „ნაციონალური მოძრაობა“, სპეციალურად აკეთებს იმას, რომ გაფანტული იყოს მხარდაჭერა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომ ამ მედიაგარემოში ისე ჩაიხარშოს სულ ყველა, რომ განსხვავებულობა არ არსებობდეს. დიახ, ეს განსხვავებული გზა უნდა ავირჩიოთ და მე ამისკენ მივდივარ და ამიტომ ჩამოვაყალიბე „სტრატეგია აღმაშენებელი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.