გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში პარტიის კომპიუტერები არ ინახებოდა და პაატა მანჯგალაძემ შეიძლება, სხვა ოფისი იგულისხმა
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში პარტიის კომპიუტერები არ ინახებოდა და პაატა მანჯგალაძემ შეიძლება, სხვა ოფისი იგულისხმა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში პარტიის კომპიუტერები არ ინახებოდა და პაატა მანჯგალაძემ, შეიძლება, სხვა ოფისი იგულისხმა.

გიორგი ვაშაძეს დღეს კითხვა დაუსვეს პაატა მანჯგალაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ადგილზე არის ძველთაძველი საწყობი, სადაც ხუთი წელია, პარტიის კომპიუტერებია შენახული“.

ვაშაძის თქმით, „არაფერი ძველი კომპიუტერი იქ არ არის. ეს არის ტყუილი. შეიძლება, პაატამ სხვა ოფისი იგულისხმა“.

„არაფერ შუაშია. ამ ოფისთან ჩემ გარშემო არავის აქვს კავშირი. ეს არის რუსული დეზინფორმაცია. მათ ვპირდები, რომ პასუხს აგებენ. ამ შენობაში ჩემი ძმა თავისი წილის ფარგლებში სასტუმროს ფლობს და განმარტება თავად გააკეთა. როგორც ვარკვევ, ეს ოფისი ახლახან გაიხსნა. მასთან ჩემ გარშემო არავინ არის კავშირში. ეს არის დაგეგმილი სპეცოპერაცია სუს-ის მიერ, რომ ერთ თვეში გახსნილი ოფისი დაეხურათ. ეს თუ დანაშაულებრივი ოფისი იყო, რატომ არავინ არის დაკავებული? თავად არიან ამ ძარცვის სათავეში და ამიტომ არ უნდათ კომისიის შექმნა. არაფერი ძველი კომპიუტერი იქ არ არის. შეიძლება, პაატამ სხვა ოფისი იგულისხმა. ღიად და ცალსახად ვამბობ, რომ ამ ოფისთან არანაირი კავშირი არ გვაქვს არც მე და არც ჩემს ძმას. ერთადერთი კავშირი აქვს ლილუაშვილს, გომელაურსა და მთავარ პროკურორს. არაფერი იმ ოფისში, რომელიც დახურეს და დალუქეს, ჩვენთან არაფერ კავშირშია. იმ შპს-ში ვინც იყო, ახლა დაკავებული უნდა იყოს. არ ვიცი, რა ჰქვია შპს-ს, ვისაც დაქირავებული ჰქონდა. რომ არ არის დაკავებული, ეს არის სპეცოპერაცია. რომ იცოდეთ, ამ ოფისმა მუშაობა ერთი თვის წინ დაიწყო. რა კომპიუტერებიც წაიღეს, ჩვენ მასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ჩემზე რომ მტკიცებულება ჰქონდეთ, ახლა ამ მტკიცებულებას წარადგენდნენ. სამი წელია, გამოძიება მიმდინარეობს, ვინმე სერიოზული პირი დააკავეს? ამდენი ქოლცენტრები დავხურეთო და დახურვაა საგამოძიებო კომისია? თქვენ მართლა გგონიათ, რომ რთულია რეალურ კვალზე გასვლა? კვალზე არ გადიან, რადგან თავად ითბობენ აქედან ხელს. არ მაინტერესებს კეზერაშვილი და რომელიმე სხვა გვარი. ვინც დამნაშავეა, ყველა ციხეში უნდა იყოს“, – განაცხადა ვაშაძემ.