გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსული საოკუპაციო ძალების მოქმედების მიზანმიმართული დანაშაულებრივი წახალისება ხდება
გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსული საოკუპაციო ძალების მოქმედების მიზანმიმართული დანაშაულებრივი წახალისება ხდება

მხოლოდ მაშინ კი არ უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ რეაგირება, როცა მცოცავი ოკუპაციაა, არამედ ყოველდღიურად, სისტემურად უნდა იმუშაონ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რათა რუსეთმა ხელი აიღოს ამ აგრესიისგან, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სოფელ ატოცთან მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლება „თავჩაქინდრული იქნება“, რუსეთი „ყველაფერს გააკეთებს“.

„უსისტემობა და დანაშაულებრივი უსისტემობა-სწორედ ამას აქვს ადგილი ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, განგრძობადი ოკუპაცია რუსეთის მხრიდან გაგრძელდება და იქნება აგრესიული ქმედებები, მაგრამ მე მაქვს ყოველთვის კითხვა, რა სტრატეგი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რას ვაკეთებთ საერთაშორისო ასპარეზზე, რა მწყობრი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ასეთ ქმედებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან არ ქონდეს ადგილი და თუ ამ ნაბიჯებს არ დგამს საქართველოს ხელისუფლება, არის თუ არა ეს დანაშაული სახელმწიფოს წინაშე და ქართული საზოგადოების წინაშე. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფრო და უფრო უახლოვდებიან ცენტრალურ მაგისტრალს და ეს მიზანმიმართულად ხდება. თუ ასე თავჩაქინდრული იქნება ქართული ხელისუფლება, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს. აქ მთავარი არის სამშვიდობო ღონისძიებები, რომელიც საქართველო უნდა გადადგას საერთაშორისო ასპარეზზე. მხოლოდ მაშინ კი არ უნდა მოახდინოს რეაგირება, როცა მცოცავი ოკუპაციაა, არამედ ყოველდღიურად, სისტემურად უნდა იმუშაონ ჩვენს უცხოელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ რუსეთმა ხელი აიღოს ამ აგრესიისგან და ეს შესაძლებელია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსული საოკუპაციო ძალების მოქმედების მიზანმიმართული დანაშაულებრივი წახალისება ხდება.

„შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე არცერთი მტკაველი არ არსებობდა საოკუპაციო ხაზზე გავლებული მავთულხლართების, დღეს კი, კილომეტრებს ითვლის ეს მავთულხლართები და კითხვა მაქვს, თუ მაშინ შესაძლებელი იყო, რატომ არ არის შესაძლებელი ახლა? იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება დანაშაულებრივ უმოქმედობაში არის და მიზანმიმართულად საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ეს უკვე აღარ არის არც უნიათობა და არც უუნარობა. ეს არის მიზანმიმართული დანაშაულებრივი წახალისება ქართული ხელისუფლების მხრიდან რუსული საოკუპაციო ძალების მოქმედების“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.